აშშ რუსულ ობლიგაციებზე სანქციების გაფართოებას გეგმავს

Bloomberg-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ობლიგაციების მიმართ სანქციების გაფართოებასა და კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს.

ამჟამად თეთრ სახლში რუსეთისთვის ახლახან დაწესებული სანქციების გავლენის შედეგებს სწავლობენ. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ რესტრიქციების გამკაცრებას აპირებს, თუ რუსეთის ხელისუფლება ჰაკერულ თავდასხმებსა და ამერიკულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს არ შეწყვეტს. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ერთ-ერთ შესაძლო ნაბიჯად რუსეთის ობლიგაციების მიმართ სანქციების გაფართოება განიხილება: ამერიკულ კომპანიებს მათი შეძენა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზეც აეკრძალებათ.

რუსული ობლიგაციებით ვაჭრობა შესაძლოა, მათი გამოშვებიდან მინიმუმ 90 დღით აიკრძალოს. ამასთან, სანქციების გამკაცრება მოხდება იმის მიხედვით, თუ რა გავლენას მოახდენს ახლახან დაწესებული სანქციები მსოფლიო ბაზარზე რუბლის მდგომარეობასა და რუსულ ფასიან ქაღალდებზე.

როგორც ცნობილია, ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი მაოწერა. ვაშინგტონმა ამერიკულ კომპანიებს რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციებით პირველად ბაზარზე ვაჭრობა აუკრძალა. სანქცია მეორად ბაზარს არ ეხება.

ახალი სანქციები 16 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეეხო. მათ ამერიკულ არჩევნებში ჩარევა, 8 ფიზიკურ პირს კი ყირიმში საქმიანობა ედებათ ბრალად. ვაშინგტონი, ასევე, ქვეყნიდან 10 დიპლომატს გააძევებს, რომლებსაც შტატებში რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებად მიიჩნევენ.

კოკა კვირკველია