დღეიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

თბილისში დღეიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

„ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა დღეიდან, ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი.

საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.