მიზანმიმართული სპეკულაცია!

”ამ გზით ნაშოვნი ფულის მოცულობა არის ძალიან დიდი”

ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარის გაუფასურება იყო სპეკულაციური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ისარგებლა. სპეციალისტებს ამ ვარაუდს უმყარებს ის ფაქტიც, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება მანამ არ გაკეთდა, ვიდრე გაუფასურებამ პიკს არ მიაღწია.

ექსპერტთა ერთი ჯგუფი, ბანკირები თუ პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურებაზე გარკვეული როლი ითამაშა მედიის მიერ ამ პროცესის ნეგატიურმა გაშუქებამ. თუმცა, სანამ კურსმა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწია, მედიის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ეროვნული ბანკის არც ერთმა წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თავის დროზე სებ-ის პრეზიდენტს საზოგადოებისთვის რომ მიემართა და ახსნა-განმარტება გაეკეთებინა, მოსახლეობა უფრო დამშვიდდებოდა და თავიდან აიცილებდა იმ დიდ ზარალს, რომელიც კურსის ვარდნით მიიღო.

”როგორც კი სავალუტო კურსმა რყევა დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ამას ეკონომიკურ პროცესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ახლაც გავიმეორებ, რომ ლარის კურსის ვარდნა არ არის დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან. იგი ატარებს წმინდა სპეკულაციურ ხასიათს. ამ სპეკულაციას ხელს უწყობს ეროვნული ბანკი იმით, რომ არ ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს. არ უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას”, - აცხადებს ექსპერტი ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ 4 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა გასცა 450 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი, ანუ კომერციულ ბანკებს მისცა დამატებითი რესურსი სავალუტო სპეკულაციების განხორციელებისთვის.

”თუ დააკვირდით, ლარის კურსმა ცოტათი დაიწია. ეს მოხდა იმიტომ, რომ შაბათ-კვირას კომერციული ბანკები არ ვაჭრობენ, ანუ ისინი არ ეწევიან სპეკულაციურ ოპერაციებს და კურსმა ბუნებრივად ჩამოიწია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი არის მართვადი. სავალუტო სპეკულაციის შედეგად ნაშოვნი ფულის მოცულობა, მერწმუნეთ, არის საკმაოდ დიდი. ამით ხეირობენ ისევ ის საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ დიდი ოდენობით ფული სპეკულაციისთვის. ასეთ პერიოდულ პროცესებს წელიწადში რამდენჯერმე თვალს ვადევნებთ”, - აღნიშნავს ლია ელიავა.

ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გარე და შიდა ფაქტორებთან ერთად, გავლენა სწორედ სპეკულაციურმა ოპერაციებმა მოახდინა. ”ლარის ვარდნაზე, შიდა და გარე ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ”ტრეიდერების”, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სპეკულაციურმა ოპერაციებმა. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ როცა ოფიციალურ გაცვლით კურსსა და ბაზარზე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტების კურსს შორის დაფიქსირდა დიდი სხვაობა. ამას გარკვეული ობიექტური ფაქტორი ახლავს - ნეგატიური მოლოდინი როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესში. აქედან გამომდინარე, ”ტრეიდერები” სარგებლობენ და სპეკულაციური ოპერაციების განხორციელების გზით, საკუთარ სარგებელს მაქსიმალურად ზრდიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ისევ გაურკვევლობაშია. ”წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო 150-მილიონიან გრანტს ელოდება და ეს ინფორმაცია აღნიშნულ პროცესზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუ სამინისტრომ ამ თანხის მიღება შეძლო, წლის ბოლომდე კურსი, მეტ-ნაკლებად დარეგულირდება. მომავალ წელს კი ნაკლები რყევა იქნება”, - ამბობს კალანდაძე.

სპეციალისტების ნაწილი კი, ლარის გაუფასურებაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას ისევ მედიას, პოლიტიკოსებსა და იმ ექსპერტებს აკისრებს, რომლებმაც ეროვნული ვალუტის დაცემა ივარაუდეს.

”შეუძლებელია პირდაპირ იმის თქმა, რომ ბაზარზე სპეკულაციური პროცესებია. ეს იცის მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანმა. ჩვენ მოვლენების მხოლოდ გარედან შეფასება შეგვიძლია. ბევრი ისეთი მომენტი იყო, რომელმაც კურსის ვარდნას შეუწყო ხელი - საგადამხდელო ბალანსის გაუარესება, გზავნილების რაოდენობის შემცირება. დაიწყო იმის მტკიცება, რომ ლარი გაუფასურდებოდა, ეკონომიკა კი არ ვითარდება. ასეთმა განცხადებებმა შექმნა ნეგატიური ფსიქოლოგიური განწყობა, რამაც კურსზე გავლენა მოახდინა. ამას დაემატა გარკვეული ინერცია ეროვნული ბანკის მიმართ, რის შედეგადაც ლარმა დაიწყო დაცემა”, - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენელი ვახტანგ ჭარაია ასევე აღნიშნავს, რომ ლარის ვარდნის ობიექტურ მიზეზებთან ერთად, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც - სიტუაციის არასწორი შეფასება ექსპერტთა ნაწილის მხრიდან, მედიასაშუალებების მიერ ყურადღების გადაჭარბებული გამახვილება და ხშირ შემთხვევაში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა. აგრეთვე მოსახლეობაში პანიკისა და შიშის მიზანმიმართული დათესვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ.

”ჩვენი შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნას გააჩნდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზებიც. მაგალითად, ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება; ფულადი გზავნილების შემცირება და საგარეო ვალდებულებების გასტუმრება. ამ ფაქტორებმა გაზარდა აშშ დოლარის გადინება ქვეყნიდან, ხოლო შემოდინება კი - შეამცირა. შედეგად გაიზარდა მოთხოვნა დოლარზე, რამაც მისი გამყარება გამოიწვია. ჩვენი აზრით, გაცილებით უფრო მტკივნეული იყო ის სუბიექტური მიზეზები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღემდე ახდენს გავლენას ვალუტის გაცვლით კურსზე”, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

კიდევ ერთი ექსპერტი, ზვიად კანდელაკი ლარის გაუფასურებაში პასუხისმგებლობას მთლიანად ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას აკისრებს. იგი ამ პროცესში მედიის როლს გამორიცხავს.

”როგორ შეიძლება ლარის გაუფასურებაში რაიმე ფორმით მედია დაადანაშაულო მაშინ, როდესაც ორი კვირის განმავლობაში არც ერთმა ოფიციალურმა პირმა განცხადება არ გააკეთა, რაც კურსზე ფსიქოლოგიურ წნეხს შეამცირებდა. ლარის დაცემას ფინანსთა მინისტრი ეროვნულ ბანკს აბრალებდა, ეროვნული ბანკი - ხელისუფლებას. ხალხის დასამშვიდებლად არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ ლარს საფრთხე არ ემუქრებოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახსნა-განმარტების გაკეთება მხოლოდ მაშინ ისურვა, როდესაც კურსმა გაუფასურების პიკს მიაღწია და მისი პრესკონფერენციის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო. ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ პროცესი მართვადი არ იყო? დღეს მედია და ზოგიერთი ექსპერტი გახდა განტევების ვაცი, რატომღაც ჩინოვნიკების ცოდვები მათ უნდა ზღონ. კატეგორიულად ვამბობ - დაანებონ თავი მედიისკენ და ექსპერტებისკენ თითის გაშვერას!” - ამბობს ზვიად კანდელაკი.

აქამდე არავის უთქვამს, მაგრამ დღეს, როდესაც ლარის მოულოდნელი ვარდნით ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, უკვე კეთდება კომენტარები, რომ კურსი დასტაბილურდება. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,8-1,85 იქნება. მისი აზრით, შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. ”როდესაც კურსი არის აღმავალი და შაბათ-კვირა ემთხვევა, როგორც წესი კიდევ უფრო მძაფრდება მოლოდინი. შესაბამისად, ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა, სავარაუდოდ, ჩვენ უნდა ველოდოთ 1,85-თან და 1,8-თან მიახლოებულ დოლარის კურსს”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”