საპრეზიდენტო თვითმფრინავის მშენებლობის საქმეზე Boeing და მისი კონტრაქტორი კომპანია ერთმანეთს უჩივიან

Boeing-ის კონტრაქტორმა კომპანია GDC Technics-მა, რომელიც Air Force One მოდელის საპრეზიდენტო თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობდა, Boeing-ის წინააღმდეგ შემხვედრი სარჩელი შეიტანა და 20 მილიონი დოლარი მოითხოვა. აშშ-ში თვითმფრინავების უმსხვილესმა მწარმოებელმა GDC Technics-თან კონტრაქტი იმის გამო გაწყვიტა, რომ ის კონტრაქტით აღებულ ვალდებულებას არ ასრულებდა და განრიგს ჩამორჩებოდა. 7 აპრილის სარჩელში Boeing იუწყებოდა, რომ ტეხასში ბაზირებული კომპანია GDC-მა Air Force One-ის მეტად მოდიფიცირებულ 747 და 748 საპრეზიდენტო თვითმფრინავებზე შიდასამუშაოების დასრულება ვერ შეძლო და განრიგს ერთი წლით ჩამორჩება.

„GDC-ის შეფერხებებმა მილიონობით დოლარით გვაზარალა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოები საფრთხის წინაშე დააყენა,“ - ნათქვამია Boeing-ის სარჩელში.

საპასუხო სარჩელში GDC Technics ამტკიცებს, რომ Air Force One-ის საპრეზიდენტო თვითმფრინავების მშენებლობის დასრულებაში შეფერხება Boeing-ის „უადგილო ქმედებებმა“ გამოიწვია: მან ახლით კი არა, არსებული თვითმფრინავებით გადაწყვიტა Air Force One-ის ორი თვითმფრინავის ჩანაცვლება.

„საინჟინრო, პროგრამული მენეჯმენტისა და თავისი ფინანსური პრობლემების გამო Boeing თვითმფრინავის დაპროექტების განრიგს ჩამორჩა. ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების წინაშე აღებული ვალდებულებების წინაშე თავიანთ არაეფექტიანობას ჩვენ გვაბრალებენ. გავრცელებული ტყუილებით Boeing-მა ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებისა და მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიაში რეპუტაცია შეილახა,“ - წერია GDC Technics-ის სარჩელში.

2018 წლის ივლისში Boeing-მა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებთან 3,9-მილიარდიანი დოლარის კონტრაქტი გააფორმა, რომელიც Air Force One-ის ორი მოდიფიცირებული, 747 და 748-ის საპრეზიდენტო თვითმფრინავების 2024 წლის დეკემბრამდე მშენებლობას გულისხმობს. 8 აპრილს Boeing-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია Air Force One-ის ხელშეკრულების გრაფიკს შეასრულებს. პროექტის თანახმად, 747 და 748 მოდელის თვითმფრინავები უნდა წარმოადგენდეს „თეთრ სახლს ჰაერში“. მათ ფრენა უსაფრთხოების პირობების დარღვევის ისეთ კრიტიკულ შემთხვევებში უნდა შეეძლოთ, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული ომი. აგრეთვე, მათი მოდიფიცირება სამხედრო ავიონიკით (საავიაციო ელექტრონიკა), კომუნიკაციისა და თავდაცვის უაღრესად გაუმჯობესებული სისტემებით უნდა მოხდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ