"რომ არა პანდემია, ქართული სატაცური უკვე ევრობაზარზე იქნებოდა"

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში მალხაზ გათენაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში კულტურული სატაცური შემოიტანა.

მასზე დიდი მოთხოვნა ინგლისში ყოფნისას შეაფასა და მისი პერსპექტივა სამშობლოშიც დაინახა. საქართველოში დაბრუნებულმა მეუღლეს, თინა წამალაიძეს, სატაცურის ძალისში მოყვანის გეგმა გაანდო, ეს ისეთი კულტურაა, რომლის მოთხოვნა მუდამ მაღალია, ფასიც ყოველთვის კარგი აქვს და ვსინჯოთ, იქნებ რამე გამოგვივიდესო. სულ მალე ცოლ-ქმარმა ძალისში პატარა ნაკვეთი დაამუშავა პლანტაციისთვის და სატაცური დიდი იმედითა და პატარა ეჭვით დათესა. ეჭვი, რა თქმა უნდა, რეალიზაციას ეხებოდა.

ჩითილების დარგვიდან მეოთხე წელს სატაცურის მოსავალი მოვიდა და თავდაპირველად ეჭვი უფრო გაამართლა, ვიდრე იმედი, მაგრამ ცოლ-ქმარიც ჯიუტი აღმოჩნდა და სატაცურის მოვლაზე ხელი არ აუღია. დღეს ბევრი რესტორანი და ერთი ჰიპერმარკეტი სწორედ მათი სატაცურით მარაგდება.

თინა წამალაიძე:

- 15 წლის წინ მეგობარმა რუსეთიდან სატაცურის თესლი ჩამოგვიტანა. თესლი დავაჩითილეთ და გაზაფხულზე გრუნტში გადავრგეთ. სატაცური ნიადაგს კარგად ეთვისება, მაგრამ ჩარგვის პირველი 10-12 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მორწყვა სჭირდება, თუმცა ზომიერად, ისე, რომ ძირთან წყალი არ ჩაუდგეს.

კულტურული სატაცური მესამე-მეოთხე წელიწადს იძლევა ნაყოფს, ჯიშს გააჩნია. სამაგიეროდ, მრავალწლიანია და დაახლოებით 15 წელიწადს გახარებს უგემრიელესი და სასარგებლო ნაყოფით. ცხადია, ამხელა ფასიც იმიტომ აქვს - წელს 1 კილოგრამი სატაცური 27 ლარი ღირს.

- კულტურული სატაცური სრულ მსხმოიარობას პირველივე მოსავლისას აღწევს?

- პირველი მოსავალი მსხმოიარობითაც ნაკლებია და შედარებით ცოტა ხანს გრძელდება. პირველი მოსავალი დაახლოებით 6 კვირამდე იკრიფება, შემდგომ კი მოსავალს დაახლოებით 10 კვირის და მეტის განმავლობაში ვიღებთ, აპრილიდან ივნისის ბოლომდე.

თუ სატაცურს სარეველა მოედო, მოსავლიანობა დაეცემა. ამიტომ ორ კვირაში ერთხელ უნდა გამარგლო და გათოხნო. ადრე, სანამ მცირე ფართობზე გვეთესა, ყველა სამუშაოს მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებდით, ახლა, როცა ნახევარ ჰექტარზე მოგვყავს, დამხმარეები გვჭირდება.

მოსავლის გასაყიდად ჯაფა აღარ გვაწევს, კლიენტები თავად მოდიან. მათ შორის უფრო რესტორნები არიან, თუმცა კერძო კლიენტებიც გვყავს. დიდი ფასის მიუხედავად, მაინც ბევრი ყიდულობს. გარდა სიყვარულისა, ამაში დიდ როლს სატაცურის სარგებლიანობაც თამაშობს.

მოგეხსენებათ, ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით უკიდურესად გაჯერებული კულტურაა. რეალიზება პირველ წელიწადს გაგვიჭირდა. კულტურული სატაცური ველურზე დიდია და ზოგი ვერ ხვდებოდა, რომ სატაცური იყო. გარდა ამისა, ბევრი მაინც ველურ სატაცურს ამჯობინებდა. ასე რომ, აგრობაზრებში მთელი ჩვენი სატაცურიდან კვირაში 25 კილოგრამს თუ ვყიდდით.

იხილეთ სრულად გაზეთ კვირის პალიტრის 19 აპრილის ნომერში

ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად