„ახალი შეზღუდვები კი არ უნდა ემატებოდეს, არსებულის სწორი ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს, რაც დღეს არ ხდება“ - Inn Group

,,ახალი შეზღუდვები კი არ უნდა ემატებოდეს, არსებულის სწორი ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს, რაც დღეს არ ხდება“- განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.

წელს, სამთო სათხილამურო კურორტები მხოლოდ 1-ლი მარტიდან გაიხსნა, საბაგიროები კი 8 მარტს.

,,სეზონი ბაკურიანში უკვე დასრულდა, გუდაურში კი, ჯერ ისევ შეიძლება ამოსვლა და სრიალი, ვისაც ამის სურვილი აქვს. თუმცა ორივე ლოკაციაზე, ჩვენი სასტუმროები აგრძელებს ფუნქციონირებას. წელს, სეზონის უდიდესი ნაწილი გაჩერებულები ვიყავით და არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ბევრი სტუმარი გვეყოლებოდა ამ პირობებში. არავინ ელოდა კარგ შედეგს. დაახლოებით 40% იყო სასტუმროების დატვირთვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

სამომავლო ჯავშნებიც ძალიან ცოტაა, თუმცა მაისი-ივლისიდან ასე თუ ისე მაინც არის. ცხადია, ეს არ არის საკმარისი ქართული ეკონომიკის და ტურიზმის გადარჩენისთვის, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. ის ცოტა ჯავშანიც რაც გვაქვს, ტრადიციული ბაზრებიდანაა“, - განაცხადა კოკაიამ.

მისივე თქმით, მესამე ტალღის გამო დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, სექტორისთვის რთულად გადასატანი იქნება.

,,ახლა, მთავარი შიში მესამე ტალღის მოლოდინია. გვეშინია, რომ ისევ ახალი შეზღუდვები არ დაწესდეს. რამდენიმე თვე მაინც სჭირდება ტურიზმს, რომ რაღაც ეტაპზე აღდგეს და ახლა, ნებისმიერი სახის შეზღუდვა რთულად გადასატანია. ახალი შეზღუდვები კი არ უნდა ემატებოდეს, არსებულის სწორი ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს, რაც დღეს არ ხდება და შესაბამისად, ვდგებით ამ რთული რეალობის წინაშე.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ისევ ვიმეორებთ, იმისთვის რომ ტურიზმის სექტორს მხარში ამოუდგეს მთავრობა, საჭიროა ქვეყნის პოპულარიზაცია და ახალი გზებით ახალ ბაზრებზე აქტიურობა პოსტ პანდემიურ პერიოდში. აუცილებელია, რომ სახმელეთო საზღვრები გაიხსნას იგივე პირობებით, როგორითაც საჰაერო საზღვრები. მოიხსნას კომენდანტის საათი და ა.შ.“, - განაცხადა კოკაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი