ბერლინში „ბორბლებიანი სახლების“ მძღოლები კემპინგის უფლებას ითხოვენ

ბერლინში უჩვეულო დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც გერმანულმა მედიამ „ბორბლებიანი სახლების აღლუმად“ მონათლა. „სახლი-ავტომობილების“ გერმანელი მძღოლები ამ საპროტესტო დემონსტრაციით ხელისუფლებისგან დასვენების უფლების მოპოვებას შეეცადნენ.

„კემპინგი შოპინგ-მოლების ნაცვლად,“ - ასეთი ლოზუნგით აქციის მონაწილეები შაბათს ბერლინის ქუჩებში გამოვიდნენ. თავდაპირველად „სახლი-ავტომობილები“ ბერლინის დასავლეთით მდებარე ოლიმპიურ სტადიონთან შეიკრიბნენ და დღის 12 საათისთვის ასობით „ბორბლებიანი სახლი“ ბერლინის ცენტრისკენ დაიძრა. მძღოლები აპროტესტებდნენ იმას, თუ რატომ არ შეიძლება ბუნებაში გასვლა და დასვენება მაშინ, როცა კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ მაღაზიაში მოხვედრა ნებადართულია, მით უმეტეს, ინფიცირების რისკი ღია სივრცეში ნაკლებია.

„ხანგრძლივი ლოქდაუნის შეზღუდვები ადამიანებს და ოჯახებს სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს. დროა, ზომების შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. კემპინგი საუკეთესო, ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კონტაქტური დასვენების სახეობაა,“ - ნათქვამია აქციის მონაწილეთა განცხადებაში. მათი აზრით, ამგვარი დასასვენებელი ადგილების სტრუქტურა ოჯახების იზოლირებული საცხოვრებლების მოწყობას გულისხმობს, ხოლო კემპინგებზე საზოგადოებრივი თავშეყრის ზონები შესაძლებელია კონტაქტების მინიმიზაციის პრინციპით მოეწყოს.

„ეს ტურიზმის ინდუსტრიასაც გარკვეულ შემოსავალს მოუტანს პირველად ამ მრავალთვიანი მოლოდინის შემდეგ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბერლინის ხელისუფლების მონაცემებით, მსვლელობაში 700-მდე „მოძრავმა სახლმა“ მიიღო მონაწილეობა. თუმცა მოძრაობა „დისტანციური კემპინგის“ ლიდერი თომას ალბრეხტი ამტკიცებს, რომ ბერლინში 1000-ზე მეტი „ბორბლებიანი პროტესტანტი“ შეიკრიბა. მონაწილეთა ასეთი დიდი რაოდენობა აქციის ორგანიზატორების გამარჯვებაა, რომლებმაც რამდენიმე თვეში ასობით „ბორბლებიანი სახლის“ მძღოლების მოძიება და გაერთიანება შეძლეს. ჯგუფი Facebook-ზე მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა და კემპინგების გახსნისთვის ბრძოლა დააანონსა. იმავე თვეში დუსელდორფში „ბორბლებიანი სახლების“ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა მაშინ აქციაში სულ 29 მძღოლმა მიიღო მონაწილეობა. ორ კვირაში განმეორებით დემონსტრაციაზე შედარებით მეტი, 130 მძღოლი გამოვიდა, ხოლო მარტის ბოლოს ჰამბურგის აქციაზე „დისტანციური კემპინგის“ მომხრეთა რაოდენობამ 250 კაცს გადააჭარბა.

მოძრაობის ლიდერებს ახალი აქცია, ჯერჯერობით, არ დაუანონსებიათ, თუმცა მიმდინარეობს პეტიციის აქტიური კამპანია, რომელსაც უკვე, დაახლოებით, 44 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ხელმომწერთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ