Bloomberg ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილე ლი ბოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ ციფრული იუანის შექმნა მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პოზიციიდან დოლარის „ჩამოგდებას“ მიზნად არ ისახავს. ამით პეკინი ცდილობს, გააქარწყლოს აშშ-ს ადმინისტრაციის ეჭვები, რომ ჩინეთს საკუთარი ვალუტის ინტერნაციონალიზაცია დოლარის ხარჯზე სურს.
„ციფრული იუანის შექმნა გამიზნულია შიდა მოხმარებისთვის, ხოლო მისი ინტერნაციონალიზაცია ბუნებრივი პროცესია და დოლარის ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ვალუტის ჩანაცვლებას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ბაზარს არჩევანის საშუალება შევთავაზოთ და გავამარტივოთ საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები,“ - აცხადებს ლი ბო.
ჩინეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საპილოტე პროგრამაში ციფრული იუანის გამოყენების ტესტირებას ახორციელებს. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ციფრული ვალუტის შექმნის პროცესში ჩინეთის მცდელობებზე კონტროლს ამკაცრებს, რაც ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშშიც იყო მოხსენიებული. ანგარიშის მიხედვით, ჩინური ციფრული ვალუტის შექმნა შესაძლოა, ბაზრიდან დოლარის გარიყვის გრძელვადიან ძალისხმევად გადაიქცეს.
ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანზე 2014 წლიდან მუშაობს და ახლოსაა იმ შედეგთან, რომ ვირტუალური ვალუტის საცდელი ვერსია საწარმოებისთვის და მომხმარებლებისთვის ქვეყნის 11 ქალაქში ჩაუშვას.
„ამ მომენტისთვის ჩვენ ელექტრო-იუანის შიდა მოხმარების მოტივაცია გვამოძრავებს. საერთაშორისო ვალუტასთან შესაბამისობაში მისი მოყვანა რთული საკითხია და ჯერ-ჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსსასაზღვრო გამოყენებაც შესაძლებელია,“ - აცხადებს ლი ბო.
მისი თქმით, ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის ტრანსასაზღვრო გამოყენების დატესტვას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გეგმავს, რომლის დროსაც მის გამოყენებას, ადგილობრივ მომხმარებელთან ერთად, უცხოელი სტუმრები და სპორტსმენებიც შეძლებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ