ვის არ შეეხება მაისში გამოცხადებული 7-დღიანი უქმე დღეები - მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია

მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით, დადგენილება გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდა. ასევე უკვე გამოქვეყნდა საქმიანობათა ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება.

როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე წელს, როდესაც მთავრობა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უქმე დღეებს აცხადებს ქვეყანაში. აქამდე დასვენების დღეები 2 კვირით, წლის დასაწყისში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იყო გამოცხადებული. ცნობისთვის, იანვარში გამოცხადებული უქმე დღეები არ ვრცელდებოდა შემდეგ საქმიანობებზე:

  • პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
  • ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
  • ფარმაცევტული საქმიანობა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
  • საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
  • წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
  • სამაშველო საქმიანობა;
  • ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
  • დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.
თაია არდოტელი