,,განცხადებები ვერ ზრდის ეკონომიკას. ვაქცინაციის ჩაფლავებული ტემპი თუ არ გამოსწორდა, ამას მოჰყვება შეზღუდვების და ჩაკეტვების ტალღა“

გასულ წლებში ტურიზმის სექტორი იზრდებოდა, მაგრამ ლარი მუდმივად უფასურდებოდა და არავითარი ეკონომიკური ზრდა ბოლო 9 წელი არ გვქონია“, - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებები, რომ ეკონომიკა ჯანსაღდება, სპეკულაციაა, რადგან გასულ წელთან შედარებას ახდენს ხელისუფლება.

,,მთავრობის წევრების განცხადებები, როგორიც უნდა იყოს ის, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ეს არის ვარაუდები და სპეკულაციები მომავლის შესახებ. მე მირჩევნია, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მათი წარმატების და ნაბიჯების შესახებ გვითხრან.

ამბობენ, რომ ტურიზმის აღდგენა დაიწყება და ასე მოხდება ეკონომიკის გაჯანსაღება. გასულ წლებში, დიდი ზრდა იყო ტურისტულ სექტორში, მაგრამ ლარი მუდმივად უფასურდებოდა და არავითარი ეკონომიკური ზრდა ბოლო 9 წელი არ გვქონია. გასაგებია, რომ იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით. შარშან მთლიანად დაკეტილი იყვნენ და წელს აღარ. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მთავრობის დადებითი მოლოდინები ფუჭია.

დღეს მთავარი ვაქცინაციის საკითხია და ეს ძალიან ცუდად მიდის. მაღალი ალბათობაა, რომ ახალი შეზღუდვები დაუწესდეს ეკონომიკას. ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა დანარჩენ ყველაფერზე. განცხადებები ვერ ზრდის ეკონომიკას. ვაქცინაციის ჩაფლავებული ტემპი თუ არ გამოსწორდა, ამას მოჰყვება შეზღუდვების და ჩაკეტვების ტალღა, რომელსაც ნამდვილად არ დაგიდევთ ეს მთავრობა. მთავრობაში მიდრეკილება აქვთ, რომ თუ ეპიდსიტუაციას ვერ უმკლავდებიან, რაზავენ ეკონომიკას.

რაც შეეხება ეკნომიკას, ახლა იმაზე საუბარი, რომ 2020-თან შედარებით 2021-ში ეკონომიკა იზრდება, სასაცილოა. 2020-ში ყველაფერი უბრალოდ გაჩერებული იყო და რაც ახლა ხდება, ეს არის საბასიზო მომენტი. ასე რომ, შედარება გასულ წელთან არარელევანტურია“- განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი