უკრაინამ ზეთის ექსპორტის მაქსიმალური მოცულობის ზღვარი დააწესა

უკრაინის ეკონომიკის განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ასოციაცია УкрОлияПром-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც 2020-2021 მარკეტინგული წლის განმავლობაში მზესუმზირის ზეთის ექსპორტის მაქსიმალურ მოცულობად 5,38 მლნ ტონა განისაზღვრა.

დოკუმენტი ძალაში ხელმოწერიდან, ანუ დღეიდან შედის და 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს. მხარეები, ასევე შეთანხმდნენ, რომ სურსათის უვნებლობისა და საექსპორტო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, მზესუმზირის ზეთის ბაზრის დაბალანსების საკითხებზე ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკრაინამ ზეთის ექსპორტი შეამცირა. პირველად ზეთის ექსპორტზე კვოტების დაწესების შესახებ ინფორმაცია კომპანია Maxigrain-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ელენა ნარობამ თავის facebook-ის გვერდზე გაავრცელა. ის წერს, რომ 1-ლი მაისიდან წლის ბოლომდე უკრაინული მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე შესაძლოა, კვოტები დაწესდეს, რის შედეგადაც ქვეყანა 3 მლრდ დოლარს დაკარგავს.

უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის მონაცემებით, 2020-2021 მარკენტინგული წლის სექტემბერ-აგვისტოში უკრაინელმა ფერმერებმა 13 მლნ ტონა მზესუმზირა მოიყვანეს, რომლისგანაც დაახლოებით 6 ტონა მზესუმზირის ზეთს დაამზადებენ. მოელიან, რომ აქედან დაახლოებით 5,6 მლნ ტონა ზეთი ექსპორტზე გავა. წლიდან წლამდე ზეთის შიდამოხმარება 0,4 მლნ ტონას არ აღემატება.

„უკრაინა მზესუმზირის ზეთის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მასზე კვოტის დაწესება ქვეყანას 3 მლრდ დოლარს დააკარგვინებს, ფერმერები მის მოყვანაზე უარს იტყვიან და ფასებიც ზეთზე არნახულად გაიზრდება,“ - ნათქვამია უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის პრეს-რელიზში.

2020 წლის 28 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით (N1329), მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ნულოვანი კვოტა უნდა დაწესებულიყო. დიდი რეზონანსის შემდეგ, მთავრობაში შეიმუშავეს ახალი კანონპროექტი ზეთის ექსპორტის რეგულირების შესახებ. მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ ახალ კანონპროექტში კვოტის ოდენობა დადგენილი არ არის. შემუშავებული ცვლილებების თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას მზესუმზირის ზეთის ექსპორტის ლიცენზიებზე განაცხადების რეგისტრაციის დაწყების შესახებ. გარეეკონომიკური საქმიანობის სუბიექტმა ექსპორტის ლიცენზიაზე განაცხადი 15 კალენდარულ დღეში უნდა წარადგინოს.

„მზესუმზირის ზეთის მოცულობა, რომელზეც გარეეკონომიკური საქმიანობის სუბიექტისთვის ლიცენზია გაიცემა, არ უნდა აღემატებოდეს 2020 წელს ამავე სუბიექტის მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის 20%-ს; გარდა იმ განმცხადებლებისა, რომლებმაც განაცხადის წარდგენამდე 4 თვის განმავლობაში შიდა ბაზარზე თვეში არანაკლებ 5 ათასი ტონა დაფასოებული მზესუმზირის ზეთის გაყიდვები განახორციელეს,“ - წერია დოკუმენტში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ