რა მოცულობის დენს მოიხმარს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია საქართველოში

კრიპტოვალუტების ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ციფრული ვალუტის ფასი კიდევ გაიზარდა.

ამჯერად, მისი ღირებულება 54 ათას დოლარს გასცდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ 64 ათასი დოლარიც კი ღირდა.

2021 წლის იანვარ-მარტის ელექტრობალანსის თანახმად, კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანია „ბი ეფ დი სი“ (Bitfury) საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 12,6%-ს მოიხმარს.

ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 15 მილიონ კილოვატ/საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს ჯამში 16 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან - „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის ფოლადი", კრიპტოვალუტის მწარმოებლები შპს „ბი ეფ დი სი“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „ბი ეფ დი სი“ ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით იმ 3 კომპანიას შორის არის, რომლებმაც ყველაზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს. კერძოდ, ეს 3 კომპანია, რომლებმაც სხვებთან შედარებით გაცილებით მეტი - 60 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს, ასე გამოიყურება:

  • "ჯორჯიან მანგანეზი" - 279.2 მლნ კვტ/სთ;
  • „ბი ეფ დი სი“ - 85.7 მლნ კვტ/სთ;
  • „რუსთავის აზოტი“ - 66.1 მლნ კვტ/სთ.

ცნობისათვის, Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში ბიტკოინების მწარმოებელ კომპანიას "ბი ეფ დი სი ჯორჯიას."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს.

თაია არდოტელი