CNBC - ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, მსოფლიო ფინანსური სისტემა ჩამოშალოს

უოლ-სტრიტის ბანკები ციფრულ ვალუტას ფინანსური სისტემის ჩამოშლის საფრთხედ აღიქვამენ. ბიზნეს-პორტალ CNBC-ის ცნობით, ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა, რომლის ფუნქციასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ასრულებს, ციფრული დოლარის შემუშავების პროექტი ჩაუშვა. ფედერალურმა ბანკმა ეს მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად გააკეთა, თუმცა ციფრული დოლარის დანერგვას არ ჩქარობს.

მისგან განსხვავებით, მსოფლიო ქვეყნების ცენტრალური ბანკები, დაწყებული ჩინეთიდან (ციფრული იუანი) და ბაჰამის კუნძულებით დამთავრებული („ქვიშის დოლარი“), ნაღდი ფულის ალტერნატივად ციფრულ ფულს სულ უფრო დიდი ინტერესით ეკიდებიან. 2020 წელს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსოფლიო ბანკების 60% ციფრული ვალუტის „კონცეფციის მტკიცებულებებზე“ მუშაობს, თუმცა მხოლოდ 14%-მა ჩაუშვა საპილოტე პროგრამები ან ციფრული ფულის შემუშავების სტადიაშია. ციფრული ვალუტის მთავარ დადებით მხარედ ასახელებენ გადახდების დაჩქარებასა და ფინანსურ სისტემაზე ხელმისაწვდომობას იმ პირების მხრიდან, რომლებიც საბანკო სისტემაში არ იმყოფებიან.

CNBC-ის ცნობით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ციფრული ვალუტა, ერთის მხრივ, კრიპტოვალუტის მსგავსი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან განსხვავებული იქნება: ის ქაღალდის დოლარის მსგავსად იფუნქციონირებს და მთლიანდ ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში და რეგულაციის ქვეშ იქნება. თუმცა Morgan Stanley-ის მთავარი ეკონომისტი ჩეთან ახია აცხადებს, რომ ციფრული ვალუტისკენ გადადგმული ნაბიჯები ფინანსურ სისტემას, ფაქტიურად, დაანგრევს.

„რაც ცუფრო ფართოდ გამოიყენება ციფრული ვალუტა, მით უფრო ბევრი ინოვაციური შესაძლებლობაა, რაც ფინანსური სისტემის დანგრევის ბევრ შესაძლებლობასაც გულისხმობს,“ - აცხადებს ჩეთან ახია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი-დირექტორი კრისტალინა გეორგიევა მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის პოტენციურ წამგებიან მხარეს წარმოადგენენ ტრადიციული ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური სტარტაპები: მათ შესაძლოა, დეპოზიტები დაკარგონ, რადგან კლიენტები თავიანთ ანგარიშებს ცენტრალურ ბანკებში გადაიტანენ. ამასთან, ციფრული ვალუტის სფეროში კონფიდენციალურობის პრობლემაც დადგება და ახალ სისტემასთან აბსოლუტური ინტეგრაცია ვერ მოხდება.

CBS-თან ინტერვიუში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტისკენ გზაზე ბევრი ფრთხილი პოლიტიკური და დიზაინური გადაწყვეტილებაა მისაღები.

„საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დამაჯერებლად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვაზე: რა სარგებელს მოუტანს ეს ხალხს, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით?!“ - აცხადებს პაუელი.

საბანკო პოლიტიკის გენერალური დირექტორი გრეგ ბაერი ციფრულ ვალუტაზე თავის ერთ-ერთ სამუშაო დოკუმენტში ტრადიციული საბანკო სისტემის შესაძლო დასუსტებაზე გაფრთხილებას იძლევა. ის წერს, რომ ციფრულ ვალუტას ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება, თუკი ცენტრალური ბანკი, ასევე, არ აიღებს თავის თავზე საკრედიტო პასუხისმგებლობას ან ბანკების დაფინანსების რეგულარულ წყაროდ არ გადაიქცევა.

ციფრული ვალუტის პროექტ „ბრიტკოინზე“ ევროპის ცენტრალური ბანკიც მუშაობს. თუმცა ბანკში აცხადებენ, რომ ეს პროექტი მხოლოდ ბანკებს შორის კავშირის საშუალება იქნება და მათი ციფრული ვალუტის ანგარიშებისთვის შუამავლის როლს შეასრულებს. „ბრიტკოინი“ ფუნტის ღირებულებას მიებმება, რათა მოგების მიღების მიზნით მათი აქტივების სახით ფლობა გამოირიცხოს. საერთაშორისო ბიზნეს-გადახდების კომპანია Equals Money-ის სპეციალისტი ჯერემი ტომსონ-კუკი აცხადებს, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და სპონტანური ხარჯვის გარდა, ყველა გადახდა ონლაინით მოხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ