სახელმწიფო საშინაო ვალი იზრდება

თუ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი საგრძნობლად გაიზარდა.

2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საშინაო ვალის მოცულობა 1,344,866 ათასი ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით - 1,857,356 ათასი ლარი გახდა. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა 500 მილიონი ლარით და მეტად არის მომატებული.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი - რამაზ გერლიანი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის გეგმაში საშინაო ვალის 600 მილიონი ლარით ზრდაა გათვალისწინებული. წლის ბოლომდე დრო კიდევ არის, თუმცა ყველაზე მთავარი ახლა ის არის, თუ როგორ, რა მიზნით დაიხარჯება ეს თანხა.

რამაზ გერლიანი: ”ვფიქრობ, ამ ეტაპზე მეტი ყურადღება უნდა გადავიტანოთ საშინაო ვალზე, რომელიც ძალზე სწრაფი ტემპით იზრდება. წლევანდელი მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ქვეყნის შიდა ვალი 600 მილიონით უნდა გაიზარდოს. ნათელია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ვალის მომსახურებას საკმაოდ დიდი თანხა დასჭირდება. ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე ძალიან ცუდია ის, რომ საგარეო ვალი სრულად ვერ იქნა ათვისებული და მისი დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში უნდა აითვისონ. ამიტომ, ეს თანხა დეფიციტის დაფინანსების გზით წავა. რაც შეეხება საშინაო ვალს, მისი ზრდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, 2014 წელს აღინიშნა. 2015 წლის ბიუჯეტში კი, დაახლოებით 400 მილიონზეა ლაპარაკი. 1,857 მილიარდი ლარიდან მიმდინარე წელს უკვე 500 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შიდა ვალი გვაქვს აღებული, რაც სრულად არის ათვისებული”.

რამაზ გერლიანის თქმით, საშინაო ვალის ზრდის მთავარი უარყოფითი შედეგი არის ის, რომ შიდა ვალის აღება ქვეყნის შიგნით საინვესტიციო პოტენციალის კლებას ნიშნავს - გამოთავისუფლებული ფინანსების ამოღება კლავს ბიზნესაქტივობას ქვეყანაში. ეს არის პოტენციალი იმისათვის, რომ შიდა ინვესტირება განხორციელდეს, შიდა ინვესტირება კი გაცილებით უფრო დიდ სტიმულს აძლევს ეკონომიკას, ვიდრე პირდაპირი საგარეო ინვესტიციები. ”თუ საშუალება გვაქვს, უმჯობესია შიდა ვალი საერთოდ არ ავიღოთ, მაგრამ თუ ვიღებთ, ამხელა რაოდენობა ნამდვილად არ არის მართებული, რადგან ეს ვალი ისევ ჩვენი ქვეყნის გადასახდელია”, - ამბობს გერლიანი.

”არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვალს ქვეყნის შიგნით გამოთავისუფლებული თანხის ხარჯზე იღებენ. როდესაც ბიუჯეტი არც ისე დიდი გაქვს, დაახლოებით 9 მილიარდი და ამ დროს 600 მილიონი შიდა სფეროებიდან უნდა ამოიღო, ეს სასიამოვნო ამბავი სულაც არ არის. კიდევ კარგი, რომ 200 მილიონი აქედან საბანკო სექტორში განათავსეს რეზერვის სახით, თუმცა რამდენად ეფექტიანად განხორციელდა ეს პროცესი და გვაქვს თუ არა ისევ ეს რეზერვები, ჯერ არ ვიცით. როგორც გითხარით, ეს ერთადერთი დადებითი მხარეა, რომელიც ამ ვალის აღებას ჰქონდა იმიტომ, რომ შიდა ვალის აღება არაეფექტიანი გზაა. მით უმეტეს, ჩვენ ძველი, ”ისტორიული ვალებიც” ბლომად გვაქვს, რომლის სამართალმემკვიდრე ჩვენი სახელმწიფოა, ეს გადავადებული პროცესია და ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის პირობებში მოხერხდება თუ არა ძველი ვალების გადახდა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როდესაც ვალზე ვლაპარაკობთ, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელსაც უნდა შევეხოთ: 2014 წლის მონაცემები ჯერ არ არსებობს, ვარაუდობდნენ, რომ მშპ 31 მილიარდი ლარი იქნებოდა, თუმცა, ალბათ ეს პროგნოზი ვერ შესრულდება, საბოლოო სურათი იანვარში იქნება და ამ მაჩვენებელსაც ზუსტად გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მშპ 27 მილიარდი ლარი იყო”,- დასძენს რამაზ გერლიანი.

ქვეყნის შიდა ვალის ზრდას უარყოფითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც: ”როდესაც მთავრობა კერძო სექტორისაგან იღებს სესხს, ეს მთლად კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. ესე იგი, მიმდინარე ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფოს შემოსავლები არ ჰყოფნის და ამის უზრუნველსაყოფად ცდილობს დამატებითი სახსრები მოიზიდოს. ამის ერთ-ერთი გზაა სესხის აღება გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ - ქვეყნის გარეთ. ჩვენი საგარეო ვალის მოცულობა საშინაო ვალის მოცულობაზე თითქმის 4-ჯერ მეტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ვალის აღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ეკონომიკაზე. ეს თანხა თავისუფალ მიმოქცევაში რომ ყოფილიყო, ეკონომიკის განვითარებასაც ხელს შეუწყობდა და ქვეყანაში კრედიტის ღირებულებაც უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე ამჟამადაა. რატომ იღებს სახელმწიფო ვალს? - იმიტომ, რომ შეასრულოს სოციალური ვალდებულებები, ბიზნესი კი იმიტომ იღებს, რომ თავისი საქმიანობის არეალი გააფართოვოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ანუ გრძელვადიან პერქსპექტივაში ბიზნესის მიერ აღებული სესხი უფრო მომგებიანია. შეიძლება სახელმწიფო შიდა ვალის აღებით ახერხებდეს სოციალური ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ამით ხელს უშლის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, ვალის აღება არაეფექტიანი საქმიანობისა და მენეჯმენტის გამოვლინებაა. სახელმწიფოს ეს ვალი რომ არ აეღო, უფრო მეტი სახსრები გვექნებოდა ეკონომიკის განვითარებისათვის. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ თავისი მწირი შესაძლებლობების პირობებში სახელმწიფო ცდილობს საკუთარი სახეც შეინარჩუნოს და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაც, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გზა მომგებიანი არ არის - ის მნიშვნელოვნად ამცირებს ეკონომიკური განვითარების შანსსა და პერსპექტივებს”.

bpn.ge ამავე საკითხზე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტ პაატა შეშელიძესაც ესაუბრა: ”სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ მთავრობას საკმარისი შემოსავლები არა აქვს, თავისი ხარჯები უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნესსექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას -ეს ორი, მნიშვნელოვანი მიზეზია, რომლის გამოც არ ღირს ვალების აღება. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ სესხის მოცულობა არ არის დიდი, მაგრამ სახელმწიფო ვალის ზრდაც არ არის მოსაწონი. რაც მთავარია, მთავრობა ამ ვალებს ძალიან მარტივად იღებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ერთი მთავრობის მიერ აღებული სესხი მეორეს გადეცემა და მის გასტუმრებაზე კონკრეტულად პასუხს არავინ აგებს: როგორც წესი, სესხს რამდენიმე წლით იღებენ, მთავრობები კი იცვლებიან. მთავრობას სესხის აღება უხარია იმიტომ, რომ ის მისი დასახარჯია და არა გასასტუმრებელი. 1,857 მილიარდი ლარი ძალიან დიდი თანხაა ცხრამილიარდიან ბიუჯეტთან შედარებით ეს ლამის 20 პროცენტია. შეიძლება მშპ-სთან შედარებით სახელმწიფო ვალი დღეს არის მცირე, მაგრამ ხვალ ამ თანხას ახალი ვალი დაემატება და კიდევ უფრო გაიზრდება”.

ხათუნა ჩიგოგიძე