Adidas-ის სპორტული ფეხსაცმლის შეძენა პლასტიკური ბოთლების ჩაბარებითაც გახდა შესაძლებელი

Adidas-ის ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის, მოდელ Stan Smith-ის შეძენა უკვე პლასტიკური ბოთლებითაც არის შესაძლებელი. Agency Spy-ის ინფორმაციით, ბრენდმა და კრეატიულმა სააგენტო Mojo Supermarket-მა ვენდინგ-ავტომატი შექმნეს, რომელიც გადასამუშავებლად პლასტიკურ ბოთლებს იბარებს.

მას შემდეგ, რაც ავტომატი დაადასტურებს, რომ ბოთლი მეორადი გადამუშავებისთვის გამოსადეგია, კლიენტი ფასდაკლების ბარათს მიიღებს. ბარათით Adidas-ის მაღაზიაში ახალი, ეკოლოგიური სპორტული ფეხსაცმლის, Stan Smith-ის შეძენა არის შესაძლებელი. ვენდინგ-ავტომატები ნიუ-იორკსა და პარიზში ბრენდის ფლაგმან მაღაზიებში დაიდგმება.

აქცია Stan Smiths-ის ეკოლოგიური მოდელის გამოშვებას უკავშირდება, რომელიც მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გაიყიდება. მოდელი ორიგინალური სპორტული ფეხსაცმლის მსგავსია, თუმცა გადამუშავებული პლასტიკისგან არის დამზადებული. ეს მასალა Stan Smiths-ის ხაზისთვის მომავალში სტანდარტული გახდება.

Adidas-ის მხრიდან ეს პირველი პრომო-აქცია არ არის. მანამდე ბრენდმა Disney-სთან ერთობლივი კოლექცია წარმოადგინა, რომლის შემცველობის 50% მეორადი გადამუშავებული პროდუქტისგან იყო დამზადებული.

კოკა კვირკველია