ფასების სტაბილურობაზე ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა - რაში ხედავს გამოსავალს დისტრიბუტორთა ასოციაცია

,,უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი გაუფასურდება ლარი, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე პროპორციულად. არ არსებობს ამის არანაირი ზედა ზღვარი“- ამის შახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ივა ჭყონიამ პანდემიის დროს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა.

,,სუბსიდირება არის მავნებლობა. ამას არ ამართლებს არც პანდემია და არც სხვა ფაქტორები. ხელისუფლებას შეეძლო ამ არაორდინალურ ვითარებაში ის დახმარება, რაც მივიღეთ უცხოელი დონორებისგან, გაენაწილებინა და 1 სულ მოსახლეზე 2 000 ლარი გამოვიდოდა. თვითონ გადაწყვეტდა მოსახლეობა, რაში უნდა დაეხარჯა ეს ფული. ადამიანმა უკეთესად არ იცის რა სჭირდება? ეს ფული ისევ ეკონომიკაში არ ჩაისხმებოდა?

ხელისუფლებას აქამდე უნდა ეფიქრა, რეალურად რისი გაკეთება შეიძლება ფასების სტაბილურობისთვის. ახლა მოკლევადიან პერსპერქტივაში არის ერთადერთი გამოსავალი, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები. ამასთან, ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს მთავრობის ეკონომიკური ხედვა. ყველაფერი მაინც ფუნდამენტურ საკითხებამდე დადის. ვერ მოხდება ინვესტორების გარეშე ეკონომიკის განვითარება, ინვესტორების მოსაზიდად კი აუცილებელი თავისუფალი სასამართლოა, რომელიც არ გვაქვს. არ გვაქვს მყარი ეროვნული ვალუტა, რაც ასევე აუცილებელია“, - განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, ბაზრიდან საცალო სავაჭრო ობიექტები ქრებიან და ამის დამსახურებაა რიგი სუპერმარკეტების სალაროებთან.

,,ლარის კურსზე ემოციურ ასპექტშიც კი აზრდაკარგულია საუბარი. მახსოვს, ჩემი და ჩემი პარტნიორების შფოთვა, როცა ლარი 1.8 ნიშნულს გადასცდა და 2.0-ს უახლოვდებოდა, ვთვლიდით, რომ ეს იყო აპოკალიფსი. ლარი უკვე გასცდა ყველაფერს. ეს რასაკვირველია აისახა ჩვენს სექტორზე, მაგრამ არის პირველადი დანიშნულების პროდუქცია, რომელზეც უბრალოდ ვერ გაქრება მოთხოვნა. იგივე ზეთი, ხვალ 20 ლარი რომ გახდეს, მაინც იყიდის ხალხი, რადგან აუცილებელია. იგივე შაქარი, მარილი და ა.შ.

მაგრამ ხალხი როცა ამაში ხარჯავს მის მთელს შემოსავალს, პრობლემაა მესამე და მეოთხე კატეგორიის პროდუქტებისთვის. საუბარია, შოკოლადზე, ლუდზე, ლიმონათსა და სხვა, ცოტა ძვირად ღირებულ პროდუქტებზე. ეს პრობლემაა დისტრიბუტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, თორემ მომავალ წელს წლევანდელთან შედარებით გაცილებით მეტი სუპერმარკეტი იქნება, რადგან ბაზრიდან საცალო მაღაზიები ქრებიან. ისინი ვერ უძლებენ წნეხს. რეალურად ისინი ,,ნისიებზე“ მუშაობენ. ასე რომ, სუპერმარკეტების სალაროებთან რიგები არაფრის საზომი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი გაუფასურდება ლარი, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე პროპორციულად. არ არსებობს ამის არანაირი ზედა ზღვარი“, - განაცხადა ჭყონიამ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი