„არამიზნობრივი დახმარებების დრო ახლა არ არის“, - ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, პროდუქტების გარკვეული ჯგუფის სუბსიდირება არაეფექტიანია, რადგან ადამიანებისთვის, ვისაც დღეს სურსათის ყიდვის ფინანსური პრობლემა არ აქვს, ბიუჯეტი მათთვისაც გარკვეულ ხარჯებს გასწევს. ეს კი, ეკონომიკისთვის დამატებითი ტვირთია.
„ჩემი აზრით, ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ერთი - მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა და იცოდეს, თუ რა ტიპის ეკონომიკის მშენებლობას გეგმავს... და მეორე საკითხია, უკვე მიმდინარე გამოწვევები.
ვეთანხმები შეფასებას, რომ მნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახა რიგ ადამიანთა ჯგუფზე ის კრიზისი, რაც საქართველოში გვაქვს. სოციალურად უფრო შეჭირვებულ მოსახლეობაზე გაცილებით ნეგატიური გავლენა აქვს კრიზისს. რაც შეეხება სუბსიდირებას, აქ ჩემი პასუხი იქნებოდა შემდეგი, საქართველოში საკმაოდ კარგად არის აწყობილი სისტემა, რომელიც ახერხებს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებას და ჩემი აზრით, მათი პირდაპირი დახმარება უფრო მიზნობრივი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნებოდა, ვიდრე ზოგადად, პროდუქტების რაღაც ჯგუფების ამორჩევა და სუბსიდირება.
იმის ნაცვლად, რომ მე და თქვენ იაფი ვიხადოთ ზეთში, უმჯობესია, სახელმწიფო მათ პირდაპირ დაეხმაროს და არა ფასების კლების გავლით მოახდინოს მათზე გავლენა. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სუბსიდირება არ არის პირდაპირი მიზნობრიობის და სხვა ადამიანებისთვისაც, ვისაც დღეს შესაძლოა არ ჰქონდეს სურსათის ყიდვის ფინანსური პრობლემა, გარკვეულ ხარჯებს გასწევს ბიუჯეტი. ეს კი, ბიუჯეტის დღევანდელი მდგომარეობისთვის, როდესაც გაზრდილია ვალი, გაზრდილია ბიუჯეტის დეფიციტი, დამატებითი ტვირთია. მაშინ, როდესაც მთავრობის ერთ-ერთი მთავრი აქცენტი სწორედ იმ გეგმის შემუშავებაა, თუ როგორ დავიყვანოთ ერთის მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტი დაბლა და მეორე მხრივ, ვალის შემცირება მოვახდინოთ მთლიან შიდა პროდუქტთან. ამიტომ, დამატებით არამიზნობრივი დახმარებების გაწევის დრო არ არის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არ მოსწონთ ეკონომისტებს სუბსიდირება, არის ის, რომ ბაზარს ამახინჯებს. ფასი არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი, როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის. როდესაც ჩვენ იქ მნიშვნელოვან ჩარევას ვახორციელებთ, ეს სიგნალი და ფასის როლი იკარგება... და უკვე უჭირს როგორც ბიზნესს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, ასე, მომხმარებელს ალტერნატივების სწორი შეფასება “,- განაცხადა გიორგი პაპავამ.