საქართველოში 4 მლნ, მსოფლიოში კი 7.8 მლრდ ადამიანი ცხოვრობს - როგორია გაეროს პროგნოზი 2050 წლისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდის ( United Nations Population Fund - UNPF) წლევანდელი მონაცემებით, საქართველოში 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს. აქედან 14 წლამდე ასაკის 20,3%-ია, 15-დან 64 წლამდე ასაკის - 64,1%, 64-ს ზევით კი - 15,6%. საქართველოს მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი - მინუს 0,2%-ია. ამასთან, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მამაკაცებში 70, ქალებში კი 78 წელია.

2021 წელს მსოფლიო მოსახლეობა 7,875 მილიარდ ადამიანს წარმოადგენს. აქედან, 14 წლამდე - 25,3%-ია, 15-დან 64 წლამდე - 65,1%, ხოლო 65 წლის ზევით - 9,6%. 2015-2020 წლებში მოსახლეობის ცვლილების საშუალოწლიური მაჩვენებელი 1,1%-ია.

1950 წელს, გაეროს დაარსებიდან 5 წელში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2,6 მლრდ ადამიანი იყო. 1987 წელს მოსახლეობა 5 მლრდ-მდე, 1999 წლის ბოლოსთვის კი 6 მლრდ-მდე გაიზარდა. 2011 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მოსახლეობა 7 მლრდ ადამიანს შეადგენდა. პროგნოზების თანახმად, მომავალ 30 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა 2 მლრდ ადამიანით გაიზრდება და 2050 წელს 9,7 მლრდ გახდება, 2100 წლისთვის კი - 11 მლრდი. ასეთი სწრაფი ზრდა მეტწილად განპირობებულია რეპროდუქციულ ასაკამდე მიღწეული ადამიანების მატებით, აგრეთვე, ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გაზრდილი ნაყოფიერების მაჩვენებელი, მზარდი ურბანიზაცია და მიგრაცია. ეს ტენდენციები მომავალი თაობებისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

მსოფლიო მოსახლეობა რეგიონებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 61% (4,7 მლრდ) აზიაში ცხოვრობს, 17% (1,3 მლრდ) - აფრიკაში, 10% (750 მლნ) - ევროპაში, 8% (650 მლნ) ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში, 5% (370 მლნ) - ჩრდილოამერიკაში და 43 მლნ ოკეანის ქვეყნებში.

ჩინეთი და ინდოეთი, 1,44 და 1,39-მილიარდიანი, მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყნებია. მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაზე 19% და 18%-ია. პროგნოზის თანახმად, 2027 წელს ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს და მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს. 2050 წლამდე ჩინეთის მოსახლეობა 31,1 მლნ ადამიანით შემცირდება, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2,2% იქნება.

2050 წლისთვის აფრიკის საჰარიდან სამხრეთის ქვეყნებში მოსახლეობა ორჯერ გაიზრდება. ამ პერიოდისთვის საპირისპირო, კლების ტენდენციას ელოდებიან მსოფლიოს 55 ქვეყანასა და რეგიონში: 26 ქვეყანაში მოსახლეობა 10%-ით შემცირდება. ბულგარეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, სერბეთში, უკრაინაში, ხორვატიასა და იაპონიაში 2050 წლისთვის მოსახლეობა 15%-ით შემცირდება. დღეის მონაცემებით, ევროპის ყველა ქვეყანაში შობადობა მინიმალურ ზღვარზე დაბალია (ყოველ ქალზე 2,1 ბავშვი მოდის).

გაერო მსოფლიო მოსახლეობის სტატისტიკას 1951 წლიდან, ყოველ 2 წელში ერთხელ აქვეყნებს. მას გაეროს სამდივნოს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მოსახლეობის განყოფილება ამზადებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ