განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქონლის ტრანზიტული გადაზიდვისას, არასრულად დაადეკლარირა საქონელი. კერძოდ, ჩატარებული საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნაცვლად 99 070 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის დეკლარირებისა, იგი ახდენდა 13 264 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის დეკლარირებას.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.