რატომ შეიძლება მოგიწიოთ სალაროსთან დახლისგან განსხვავებული ფასის გადახდა?

ქსელურ სასურსათო მარკეტებში ხდება შემთხვევები, როცა დახლზე პროდუქტისთვის მიწერილი ფასი სალაროს ფასს არ ემთხვევა, რაც მომხმარებელში უკმაყოფილებას იწვევს.

ისინი აგრესიას ისევ მაღაზიის პერსონალის მიმართ გამოხატავენ, თუმცა ხშირად პრობლემა არის ის, რომ პროგრამული ფასის ცვლილებასთან ერთად, მისი დახლზე კორექტირება ვერ მოესწრო და მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა ზუსტად ამ დროს გადაწყვიტა. ამგვარი გაუგებრობის მიზეზი შეიძლება, ის სულ რამდენიმე წუთიანი ან საათიანი შუალედი გახდეს, რაც პროგრამული ფასის დახლზე ასახვას სჭირდება.

რატომ გვხვდება სალაროსა და დახლებზე განსხვავებული ფასები და ვინ არის მათ კორექტირებაზე პასუხისმგებელი?

ქსელური სასურსათო მარკეტების გაერთიანება „რითეილ ასოციაციაში“ განგვიმარტეს, რომ ამგვარი შემთხვევები მართლაც ხდება, რაზეც მომხმარებელი მწვავედ რეაგირებს, თუმცა სუპერმარკეტის თანამშრომლებს მათთვის ძველი ფასის შეთავაზება აღარ შეუძლიათ, რადგან პროგრამა უკვე ახალ ფასს აჩვენებს და სუპერმარკეტის თანამშრომელმა დახლზე ხელით უნდა შეცვალოს საფასური. აღსანიშნავია, რომ მაღაზიის პერსონალს ხელი არ მიუწვდება, პროდუქტს ფასი შეუცვალოს და მომხმარებელს მისი ღირებულება თავისი სურვილისამებრ გადაახდევინოს. რაც უფრო ხშირად იცვლება პროგრამაში ფასი, უფრო იზრდება ამგვარი ინციდენტების რაოდენობაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მომწოდებლებმა პროდუქტებზე ფასი ბევრჯერ გაზარდეს. მაგალითად, თუ წინა დღეს კონკრეტული პროდუქტის ფასი დახლსა და სალაროსთან ერთმანეთს შეესაბამებოდა, მეორე დღეს შეიძლება, შეიცვალოს, რადგან მომწოდებლებმა ფასი გაზარდეს და დააკორექტირეს. შესაბამისად, სალარო ავტომატურად შეცვლილი ფასით ატარებს პროდუქტს, ხოლო დახლზე არსებულ ფასს პროგრამა ვერ აკონტროლებს, მასზე პასუხისმგებელია ადამიანი, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ საფასარი შეცვალოს“, - განმარტეს „რითეილ ასოციაციაში“.

შესაბამისად, თუ მომხმარებელი ამგვარ ფაქტს აწყდება, მნიშვნელოვანია, იცოდეს, მის მოტყუებას არავინ ცდილობს, რადგან რეალურად, მან პროდუქტის შეძენა დროის იმ მონაკვეთში გადაწყვიტა, როცა დახლებზე ფასები ჯერ კიდევ დაკორექტირებული არ იყო. რა თქმა უნდა ყველა ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოლოდინები და ფასის პროგრამული ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად აისახოს საფასურზე და დახლზე.