ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

”ბრენტის” ტიპის ნავთობზე ფასი ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა.

”როიტერის” მონაცემებით, ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე ფასი 0,75 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 65,44 დოლარი შეადგინა. WTI-ზე ფიუჩერსები კი 0,51 დოლარით გაიაფდა და 62,54 დოლარამდე დავარდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ”ბრენტზე” ფასები 40%-ით შემცირდა.

”ბრენტმა” სარეკორდო მაჩვენებელს თავდაპირველად 1 დეკემბერს მიაღწია, როცა მისი ფასი ხუთი წლის განმავლობაში პირველად დაეცა ბარელზე 68 დოლარის ქვემოთ და 67,56 დოლარი შეადგინა, რაც მინიმალური მაჩვენებლი იყო 2009 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ.

ნავთობზე ფასების მკვეთრად ვარდნა 27 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპეკ-ის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეემცირებინათ ნავთობმოპოვების კვოტა.

ქუვეითის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალური დირექტორის აზრით, მომდევნო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში მსოფლიო ფასები ნავთობის ბარელზე 65 დოლარი იქნება.

”როიტერის” ინფორმაციით, გუშინ ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე (NYMEX) ვაჭრობის შედეგად WTI-ის ნავთობზე ფასი 2,79 დოლარით (4,2%) დავარდა და ბარელზე 63,05 დოლარი შეადგინა. 2009 წლის 16 ივლისის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გუშინვე Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე საშუალო ფასის პროგნოზი გააუარესეს და 2015 წლისთვის ბარელზე 98 დოლარი 70 დოლარამდე დაწიეს.

Phillip Futures-ის წარმომადგენლის დენიელ ანგის თქმით კი, 2015 წლის თებერვალში ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე, ბარელზე ფასი შესაძლოა, 60 დოლარამდე დაეცეს.