მთავრობამ 60 თეთრი პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 983 200 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს იწყება და 23 აპრილს სრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს.

ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.

თეთრი პიკაპების შესყიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა. წინა 5 893 320-ლარიან შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია "ჯი თი მოტორსი" იღებდა, რომელიც სახელმწიფოს პიკაპების მიწოდებას 5 864 760 ლარად სთავაზობა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. მანამდე კი ტენდერი იმის გამო შეწყდა, რომ მასში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა, რის შემდეგაც შესყიდვების სააგენტომ სატენდერო დოკუმენტაცია ახალი პირობებით მოამზადა.

ელზა წიკლაური