Carrefour წელს 500 მლნ ევროს აქციებს გამოისყიდის

ევროპაში საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი Carrefour განცხადებას ავრცელებს, რომ წელს 500 მლნ ევროს (601 მლნ დოლარის) ოდენობის საკუთარ აქციას გამოისყიდის. ამით Carrefour ადასტურებს, რომ მომგებიანი პირველი კვარტლის შემდეგ, ე.წ. შემობრუნების გეგმის წარმატებაში დარწმუნებულია.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ტრანსფორმაციის გეგმის წარმატებაში და ჩვენს შესაძლებლობებში, გამოვიმუშაოთ ფულადი სახსრების კიდევ უფრო მაღალი ნაკადი,“ - აცხადებს Carrefour-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბომპარდი.

გასულ თვეს Carrefour დათანხმდა ბრაზილიაში სიდიდით მესამე საკვები პროდუქტების საცალო ვაჭრობის ქსელ Grupo BIG-ის 1,3 მლრდ დოლარად შეძენას. აგრეთვე, შეინარჩუნა 2022 წლის სტრატეგიული გეგმის ფინანსური და ოპერაციული მიზნები.

„კაპიტალის განაწილების პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე საბაზრო პირობები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი აქციების გამოსყიდვის შესახებ განაცხადი გავაკეთოთ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ეს Carrefour-ისთვის, 10-წლიანი პერიოდის შემდეგ, აქციების პირველი გამოსყიდვა იქნება.

პირველ კვარტალში Carrefour-ის გაყიდვებმა 18,56 მლრდ ევროს მიაღწია, რაც 4,2%-იან ზრდას ნიშნავს. მაღალი გაყიდვები ძირითად ბაზრებზე, ბრაზილიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში შეინიშნებოდა. მხოლოდ საფრანგეთში, პირველ კვარტალში Carrefour-ის გაყიდვებმა 3,5%-ით მოიმატა. აპრილის დასაწყისში, როცა საფრანგეთში იზოლაციის ახალი ზომები შემოიღეს, გაყიდვების ზრდა, მათ შორის ჰიპერმარკეტებში, მაინც მაღალ დონეს ინარჩუნებდა. წარმატებული იყო Carrefour-ის ყველა მიმართულება: ჰიპერმარკეტები, სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და დრაივი.

Carrefour 2018 წლის იანვარში ჩაშვებული 5-წლიანი გეგმის შუაპერიოდშია და ამ გეგმის მიხედვით ხარჯების შემცირებასა და ელექტრონულ კომერციაში ინვესტიციების ზრდას აქტიურად ეწევა. 5-წლიანი გეგმა მიზნად ისახავს მოგებისა და შემოსავლების გაზრდას, აგრეთვე, Amazon-თან კონკურენციის თავიდან აცილებას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ