საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მა მომართა. შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება.

ავიაკომპანია Myway Airlines, თელ-ავივისა და ერევნის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი - თელ-ავივი - თბილისის და თბილისი - ერევანი - თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება: თბილისი - თელ-ავივი - თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას;

თბილისი - ერევანი - თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.