„მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნებით“ მთავრდება“ – „ალბათ, მთავრობას  დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“,- ამის შესახებ „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც წესი „ლოქდაუნებით“ სრულდება, რასაც ბიზნესი კატასტროფამდე მიჰყავს.

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, რომ ეკონომიკაზე იფიქროს. მიტომ, რომ ეკონომიკაზე ფიქრისას, როგორც მინიმუმ, ხშირი კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს. თუნდაც, 10-წლიან გეგმას რომ ამზადებს, ბიზნესთან კომუნიკაცია უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ ხედვები მოისმინო. ხომ არ შეიძლება, ცალკე ოთახში დაჯდე, რაღაც გეგმა დაწერო, მერე ის გამოიტანო და წარადგინო. ამიტომ, მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ 10-წლიან გეგმას, როცა არ ვიცი, როგორი იქნება წლევანდელი გეგმა.

ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს და განსაკუთრებით ეს პირდაღებული პრობლემა, კომენდანტის საათი, რომელიც არასდროს არ იქნა ახსნილი. გავიგე, რომ შეიძლება მთლიანად არ გაუქმდეს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ 9 საათის ნაცვლად გადაიწიოს 11-ან 12 საათამდე?! მათ ახსენეს, რომ თურმე ეს ქეიფების პრევენციისთვის შემოიღეს, მაგრამ თვითონვე ამბობენ, რომ კომენდანტის საათით ამაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს. იცით, რომ ლარის ინფლაციაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მე ახლა დასავლეთში ვიმყოფები (ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტებშიც ვართ), სადაც საკმაოდ ცუდი ამინდები და წვიმები იყო მთელი წლის დასაწყისში. შედეგად, რაღაც სამუშაოები დაგვიგვიანდა, ახლა თუ რეგულაციები შემოვიდა, ჩათვალეთ, რომ ამ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაც ძალიან რთული იქნება. ანუ, ეს ნებისმიერი სფეროს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს. ჩვენ ვიცით, მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნებით“ მთავრდება. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ თუ გვინდა სიტუაცია სტაბილურობისკენ წავიყვანოთ, სასწრაფოდ კომენდანტის საათის უნდა იყოს გადაწეული 11-12 საათამდე“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.