დიდი ბრიტანეთი კოვიდაბების შექმნაზე მუშაობს

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინსტრ ბორის ჯონსონმა საშინაო პირობებში Covid-ისგან მარტივი მკურნალობის გზების ძიება დაიწყო. ის იმედოვნებს, რომ შემოდგომისთვის კოვიდაბები და კაფსულები გაჩნდება, რომლებიც მოსალოდნელ მესამე ტალღასთან ბრძოლაში ხალხს დაეხმარება. კოვიდაბები, პირველ რიგში, გადაეცემათ ტესტირების დადებითი პასუხის მქონე ან ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფ პირებს. ამ მიზნით შექმნილია ანტივირუსული მკურნალობის მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც კოვიდაბებისა და კაფსულების შემუშავებასა და მომავალ ცდებს დააკვირდება.

დღეის მონაცემებით, სექტემბრის დასაწისიდან დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში 2000-ზე ნაკლები კოვიდპაციენტია, თუმცა კოვიდაბების ახალი სამუშაო ჯგუფის პრესასთან წარდგენის დროს, ბორის ჯონსონმა მეცნიერთა გაფრთხილება აღიარა, რომ წელს კიდევ ერთი პანდემიური ტალღა იქნება. პრემიერის თქმით, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობა ხელს შეუწყობს ისეთ ძალისხმევას, რომელიც ინფიცირებულ ადამიანებში დაავადების გართულებას ხელს შეუშლის.

„როგორც მეუბნებიან, არსებობს მეთოდები, რომლებიც ვირუსის რეპლიკაციას აჩერებს. ეს ვირუსთან თანაცხოვრების სწავლის ნაწილი იქნება. თუმცა კოვიდაბების გაჩენა, ჯერჯერობით, მისწრაფება უფროა, ვიდრე გარანტია,“ - აცხადებს ჯონსონი.

ის ვარაუდობს, რომ ანტივირუსული პრეპარატები, მასიური ტესტირებისა და რევაქცინაციის შემდეგ, დაცვის მესამე მეთოდი იქნება. პრემიერი იმედოვნებს, რომ მიზნობრივი ჯგუფი შექმნის მარტივი მკურნალობის საშუალებებს, რომელთა მიღებაც საშინაო პირობებში იქნება შესაძლებელი.

„გამოთქვამენ იმედს, რომ ანტივირუსული პრეპარატები ინფექციის სიმძიმეს შეამსუბუქებენ,“ - აცხადებს ჯონსონი.

პრემიერის მთავარი მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, სერ პატრიკ ვალანსი აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატები „ხელს შეუწყობს იმ პირთა დაცვას, რომლებიც ვაქცინისგან დაცული არ არიან ან ვაქცინაციას არ ექვემდებარებიან.“

„კოვიდაბები და კაფსულები ახალი საფრთხეების წინაშე დაცვის კიდევ ერთი საფეხური იქნება,“ - აცხადებს მრჩეველი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ