ნოდარ ხადური: დიდი ალბათობით კურსი დაიწევს

ძალიან დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისი თქმით, გასულმა შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა. "პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი.

მინისტრმა 2014 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება. ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით იქნება მობილიზებული. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს, მინისტრის თქმით, პარლამენტში მას მიმდინარე კვირის პარასკევს განიხილავს.