თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიურ მოვლენებს დააკვირდებიან და შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური კუთხით მოვლენებს დააკვირდებიან და ამის შემდეგ შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს.

გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულზე წესების დაცვა და ხალხმრავლობისგან თავის არიდება მოუწოდა.

„მნიშვნელოვანია ყველა ის წესი დავიცვათ, რაც დაწესებულია. აღდგომის დღესასწაულზე, ზეიმი როგორც რელიგიურ გარემოში, ასევე სოცილურ გარემოში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპიდემიოლოგიური დიდი გამოწვევაა ნამდვილად. ასე, რომ ყველამ უნდა დავიცვათ მოთხოვნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდგომ ესკალაციას, ზრდას. რა თქმა უნდა, სააღდგომო პერიოდში გარკვეული გამოწვევა იქნება და ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ, თუნდაც დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულვებელყოფას.

მანამდე სანამ სააღდგომო დღესასწაულამდე მივალთ გასავლელი გვაქვს 10 დღე, რაც შეიძლება ითქვას სააღდგომო სურათს ცვლის, კიდევ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიოლოგიური კუთხით, დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი“, - განაცხადა გაბუნიამ.