ამირან გამყრელიძე - ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ

ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია ისევ მოხდეს ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება და მრევლის ძირითადი ნაწილი იყოს გარეთ.

„დღეს იყო ეს საკითხი განხილული, გვექნება საპატრიარქოსთან კონსულტაციებიც. ჩვენი თხოვნაა აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები რაზეც ვსაუბრობთ, ტაძრის შიგნითაც და გარეთაც პირბადის აუცილებლად ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარიული წესების დაცვა და როგორც შარშან განხორციელდა, რომ ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება მოხდა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ზედმეტი რისკი გავრცელების. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რისკი მომატებული არ იყოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აღდგომის პერიოდში საფლავზე გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით კითხვაზე კი ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს აღდგომის წინა დღეებში და შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.