„საკოორდინაციო საბჭოს, შეზღუდვების საბჭო უნდა ერქვას“ – „დავკეტავ-გავხსნი - ამას მართვა არ ჰქვია“

,,ის მეთოდები, რაც აქამდე არსებობდა, რითიც პანდემიის მართვას ცდილობდნენ, ცალსახად არასწორია“- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის ერთადერთი მამოძრავებელი კერძო სექტორია და ეპიდსიტუაციის გაუარესებისთანავე პირველი სწორედ მას კეტავს და მისკენ იშვერს თითს საკოორდინაციო საბჭო.

,,ჩვენ ვაცადეთ ახალ პრემიერს დანიშვნიდან რაღაც პერიოდი. ახლა გვაქვს რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც გვინდა, რომ გაითვალისწინონ. გვინდა, შევხვდეთ პრემიერს და გავიაროთ ეს წინადადებები. ჩავერთოთ იმ საბჭოს მუშაობაში, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს და მუშაობს.

ის მეთოდები, რაც აქამდე არსებობდა, რითიც პანდემიის მართვას ცდილობდნენ, ცალსახად არასწორია. საკოორდინაციო საბჭოს, შეზღუდვების საბჭო უნდა ერქვას. რეალურად, ამ ხნის განმავლობაში შეზღუდვების და ხელებში ჩარტყმის გარდა მათ არაფერი უკეთებიათ. ამიტომ, ან სახელი გადაარქვან, ან შეცვალონ მუშაობის სტილი. დავკეტავ-გავხსნი - ამას მართვა არ ჰქვია. მათი ლოგიკით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან სრულად გაჩერებული უნდა იყოს, ან გადაჭედილი. მართვაა, როცა ხერხდება დისტანცია იყოს დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კერძო სექტორი ხალხს განყენებულ ცნებად წარმოუდგენია, არადა ეს რეალურად არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანას აცხოვრებს. ეს არის დოვლათის შექმნის ერთადერთი გზა. პატრულის ჯარიმა ვერ ავსებს ბიუჯეტს. კერძო სექტორია ღერძი, რომელიც იძლევა ეკონომიკურ სტაბილურობას და მისი გაჩერება, უბრალოდ წარმოუდგენელია. საჭიროა ადეკვატური მართვა.

იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციას მიეხედოს, ქვეყნის სამედიცინო გუნდი ხელს იშვერს სხვა სექტორებისკენ“ - აცხადებს გაბრიჩიძე ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი