თბილისის მერია მიკროავტობუსებში მგზავრებს დაითვლის - მთვლელებზე 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 1 000 მთვლელს იყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 300 000 ლარი იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3 300 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს. თითოეული მოთხოვნის რაოდენობა იქნება არანაკლებ 50 ცალი.

„აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.