„საინტერესოა, რამდენმა კომპანიამ შეძლო ორი „ლოქდაუნის“ გადატანა?! ამ სტატისტიკას რატომ არავინ გვეუბნება?! დღეს კომპანიები პანტა-პუნტით იხურება და სასამართლოებში აქვთ დავები“ - ამის შესახებ „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, დამატებითი შეზღუდვებისა და მესამე ტალღის მოლოდინში, წლევანდელი წელი ეკონომიკურად ბევრად რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი.
„წლევანდელი წელი ეკონომიკურად ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი და ამ არსებულ სიტუაციაში ჩვენ პერსპექტივასაც ვერ ვხედავთ. ტურისტის ჩამოყვანაზეა საუბარი და ვაქცინა არ გვაქვს. ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და როდესაც ამ პრობლემების ფონზე კიდევ დახურულ ოთახში ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და მერე ბიზნესისთვის ამის მიწოდება, ეს მხოლოდ დააზიანებს ზოგადად ქვეყნის პერსპექტივას და ეკონომიკას.
საინტერესოა, რამდენმა კომპანიამ შეძლო ორი „ლოქდაუნის“ გადატანა?! ამ სტატისტიკას რატომ არავინ გვეუბნება?!კომპანიები პანტა-პუნტით იხურება და სასამართლოებში აქვთ დავები. უკვე კერძო სექტორმა დაიწყო ერთმანეთში დავების განხილვა, იმიტომ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვეღარ ჯდებიან, ყველას თავისი პრობლემა აქვს.
დღეს გამოქვეყნდა, ბანკების მოგება, რომელიც კატასტროფულად გაზრდილია მარტში. როგორ შეიძლება ფინანსურ სექტორში ბანკს მოგება ეზრდებოდეს, როდესაც ეკონომიკა არ მუშაობს და ერთადერთი შემოსავალი საპროცენტო შენატანებიდან აქვთ მიღებული. ანუ, ძალიან ბევრი არაადეკვატური რაღაც ხდება და ამაზე რეალურად არავინ საუბრობს. შესაბამისად, ხვალ ამის მართვის სურვილიც რომ გაგვიჩნდეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.