„ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15%-ით გაიზრდება“ - როდის ამუშავდება ქვეყნის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური

რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15%-ით გაიზრდება“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ,,ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. მისივე თქმით, ჰესი მუშაობას აპრილის ბოლოდან განაახლებს.

,, სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება და შესაბამისად, ამ დროს ამოქმედდება ჰესი, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მთლიანად რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახლა, სრულდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია, რაც ჰესის გაჩერების გარეშე შეუძლებელი იყო. სამუშაოების დარჩენილი ნაწილი კი განხორციელდება ჰესის ფუნქციონირების პარალელურად.

ჯერ, ზუსტად ვერ ვიტყვით რამდენად გაზრდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროენერგიის გამომუშავებას, ეს გვეცოდინება ჰესის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ახლა ვვარაუდობთ, რომ 10-15%-ით გაიზრდება გამომუშავება. ჰესის ამოქმედების შემდეგ, ჩვეულებრივ აღუდგება აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება, ისე როგორც დანარჩენ საქართველოს“- განაცხადა ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისათვის, „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. ჰესის რეაბილიტაციის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლნ ევროა, 38 მლნ ევრო EBRD-ის სესხია და 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტი.

თამარ მუკბანიანი