ავსტრალია გამონაბოლქვის შესამცირებლად 435 მილიონ დოლარს დახარჯავს

ავსტრალიის ხელისუფლება მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის და გამონაბოლქვის შესამცირებლად 435 მილიონ დოლარს გამოყოფს, რითიც შესაბამისი საერთაშორისო პროექტები და ინიციატივები დაფინანსდება. ამის შესახებ ხუთშაბათს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 435 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის ახალი ინვესტიციები გათვლილია 2021-2022 წლის ფედერალურ ბიუჯეტში საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორებისა და ინიციატივების მხარდასაჭერად, რაც გამონაბოლქვის შემცირებაზეა ორიენტირებული.

„ასეთი პროექტები გასაღებია გლობალური კლიმატის საფრთხეებთან ბრძოლაში. ეს ინიციატივა, ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, მათ შორის მძიმე მრეწველობაში. ავსტრალია დაბალი გამონაბოლქვის მიხედვით გლობალური ლიდერი უნდა გახდეს“, - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, ქვეყანა შეამცირებს გამონაბოლქვს ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ნახშირისა და გაზის მოპოვება, რაც წარმოების შემცირების ხარჯზე მოხდება. ამასთან, ენერგეტიკის სექტორში გამონაბოლქვი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შემცირდება.

ავსტრალია გამონაბოლქვის შემცირებისთვის 2030 წლამდე 13,8 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამავე მიმართულებით კერძო სექტორმა მომდევნო 10 წელიწადში, 130 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში 38,6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, 2040 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი 250 მილიონი ტონით შეამციროს.

კოკა კვირკველია