"საპარტნიორო ფონდის" პროექტი "პანექსი" პირველ პროდუქციას ბაზარზე გაზაფხულიდან გაიტანს

"პანექსი" სამშენებლო მასალის ე.წ. "სენდვიჩ პანელების" წარმოებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

"საპარტნიორო ფონდის" ინფომაციით, პროდუქციის 60 პროცენტი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა. პროდუქცია ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას გამოიყენება და რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფია, ხოლო მისი დამონტაჟება ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებია.

"საპარტნიორო ფონდმა" საწარმოო სექტორში ახალი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ადგილობრივ კომპანია შპს ICES-თან ერთად ერთობლივი საწარმო "პანექსი" დააფუძნა. საწარმო განთავსებულია ქ. რუსთავის გზატკეცილზე და ამჟამად აღჭურვის პროცესშია. "პანექსის" საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ2 პანელი იქნება.

საწარმოს ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. საპარტნიორო ფონდი შპს "პანექსში" კაპიტალის 49%-ს ფლობს.