თბილისში მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონალური ცენტრი გაიხსნა

ჩეხეთის საელჩომ საქართველოში თბილისის მერიასთან და პროფკავშირულ ასოციაცია „აგორასთან“ თანამშრომლობით, თბილისში, მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონალური ცენტრის გახსნას გაუწია ორგანიზება.

როგორც ჩეხეთის საელჩოდან იუწყებიან, ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის.

ცერემონიაში ჩეხური მხარის სახელით მონაწილეობა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, იან სლივამ მიიღო.

„მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონალური ცენტრი აშენდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას" მიერ. ინვესტიციის სრული რაოდენობა 405 565 ევროს შეადგენს.

ცენტრის ძირითადი ხედვაა, იყოს საქართველოს მეფუტკრეობის მზარდი სექტორის მთავარი მოთამაშე და ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის, როგორც დარგის ოპტიმიზაციასა და განვითარებას ქვეყანაში, ისევე როგორც მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.

ცენტრის მიზანია სოფლის & ურბანული კავშირის ხელშეწყობა, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის ხედვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.