შოთა ბურჯანაძე - სარესტორნო სფეროს პრობლემები აქვს შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვის გამო

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურისტების მიღება აუცილებელია ქვეყნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკის გადარჩენა რთული იქნება.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, სხვადასხვა ბიზნესასოციაციასთან ერთად, შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დააყენებს.

„დღეს ასეთი იწილო-ბიწილო და კატა-თაგვობანას თამაში, გააღე-დაკეტე, ვერ გადაარჩენს, ვერ მისცემს საზოგადოებას ამოსუნთქვის საშუალებას. აუცილებელია ვაქცინაცია და იმ პროპაგანდის გატარება, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაში არის გადარჩენა და არა პრობლემის შექმნა. დაახლოებით 9 თვეა გამოცხადებულია „კომენდანტის საათი“, რომელიც წარმოუდგენელია საზოგადოებისთვის. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. სარესტორნო სფეროს პრობლემები აქვს შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვის გამო. ამოსავალი წერტილი, ეს არის სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იზრუნებს კოვიდ ვითარების გამოსწორებაზე და ეკონომიკის გადარჩენაზე. ეს არის ძირითადი მოთხოვნა, პრემიერთან, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობითვის, 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. ბიზნესასოციაციები მთავრობის მეთაურს მიმართავენ და ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ, რომელთა შორისაა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით სარესტორნო ბიზნესის ფუნქციონირება.