2021 წლის 1-ელ აპრილამდე, სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ზედმეტად გაცემული პენსია და ასევე, ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
ამას „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში წარედგინა, თუმცა როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, იმის გამო, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე ინიციატივაში ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხე არ დაენახათ, პროექტის განხილვა გაჩერდა.
სამივე კანონპროექტი სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაციას და ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისგან ბენეფიციარების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის, პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სახელმწიფოს მიმართ ასევე კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან შესაბამისი პირები, რაც ინიციატორთა აზრით, კომპენსაციის მიმღები პირების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების მიღების შემთხვევაში, განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან, რაც ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.