BP თანამშრომლების შემცირებას გეგმავს

ბრიტანული კომპანია კრიზისის გამო შტატების შემცირებას გეგმავს საქართველოშიც.

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანია BP ნავთობზე ფასების ვარდნის გამო თანამშრომელთა მასობრივ შემცირებას და პროექტების შეჩერებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც. როგორც ბრიტანული კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბრაიან გილვარიმ The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიაში ასევე არ გამორიცხავენ ზოგიერთი პროექტის სრულად შეწყვეტას. BP-ის ფინანსური დირექტორის თქმით, შემცირება შეეხება საშუალო რგოლის მენეჯერებს. თუმცა, ბრაიან გილვარის არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენ თანამშრომელს შეამცირებს ბრიტანული კომპანია.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემცირებაში მოყვება კომპანიაში დასაქმებული ასობით ადამიანი, თუმცა ძირითადად ცვლილებები განხორციელდება ამერიკისა და ბრიტანეთის ოფისებში. არსებული ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია კრიზისის გამო ახალი წლისთვის შტატების შემცირებას გეგმავს საქართველოს ოფისშიც, სადაც სავარაუდოდ, თანამშრომელთა 20%-ს შეამცირებს.

უმსხვილეს ბრიტანულ ნავთობკომპანიაში მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანია დასაქმებული. ერთი წლის განმავლობაში, BP-ის აქციების ფასი 13 პროცენტით დაეცა. ანალიტიკოსთა პროგნოზებით, თუ 2015 წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი გამყარდება და ვარდნას აღარ განაგრძობს, ისეთი კომპანიების შემოსავლები, როგორიც BP-ია, 33%-ით მაინც შემცირდება.

ნავთობზე ფასი ვარდნას განაგრძობს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე ფასი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. ბოლო მონაცემებით, ”ბრენტის” ტიპის ნავთობზე ფასი 0,75 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 65,44 დოლარი შეადგინა.