Nestle-მ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი კვარტალური ზრდა აჩვენა

მსოფლიოში საკვები პროდუქტების უმსხვილეს კომპანია Nestle-ს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი კვარტალური ზრდა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. პირველ კვარტალში Nestle-ს პროდუქციიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ყავაზე, რძის პროდუქტებზე და შინაური ცხოველების მოვლის საშუალებებზე იყო. Reuters-ის შეფასებით, Nestle კოვიდპანდემიას წარმატებით გაუმკლავდა, რადგან სახლში გამოკეტილი მომხმარებლები თავისთვის და თავიანთი შინაური ცხოველებისთვის, ძირითადად, შეფუთულ პროდუქტებს ყიდულობდნენ.

გარდა ამისა, Nestle-მ თავისი სამედიცინო მეცნიერების პორტფელიც გაზარდა და ელექტრონული კომერციაც გააფართოვა. ორივე მიმართულება პანდემიისთვის დამახასიათებელია, რადგან დღეს მომხმარებლები ყველაზე მეტად ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე და შეზღუდვების გამო პროდუქტების შესაძენად ინტერნეტსაც სულ უფრო ხშირად იყენებენ.

„საცალო ვაჭრობაში მყარი ზრდა გვქონდა, ხოლო არასაშინაო გაყიდვების არხებში გაუმჯობესება შეინიშნებოდა. ჩვენ ვამართლებთ როგორც წლიურ, ისე საშუალოვადიანი ორგანული ზრდის საშუალოვადიან პროგნოზს“, - აცხადებს Nestle-ს გენერალური დირექტორი მარკ შნაიდერი.

KitKat-ის შოკალადის ბატონისა და Nescafe-ს ხსნადი ყავის მიმართულებით, შარშანდელ 3,6%-იან მაჩვენებელთან შედარებით, კომპანია ორგანული გაყიდვების უფრო მეტ ზრდას მოელის. მთლიანობაში ორგანულმა გაყიდვებმა პირველ კვარტალში შარშანდელი 4,3%-დან 7,7%-მდე მოიმატა.

Kepler Cheuvreux-ის ანალიტიოკოს ჯონ კოქსის შეფასებით, 2011 წლის შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებელია. ბანკ Julius Baer-ის წინასწარი მონაცემებით, Nestle-ს აქციები, რომელიც წელს 2%-ზე მეტად გაიზარდა, 1,7%-ით გაიხსნება.

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში Nestle-ს ორგანული გაყიდვები 7,2%-ით, ევროპაში - 4,4%-ით, აზიაში კი 9,1%-ით გაიზარდა. ერთი წლის წინათ აზია კომპანიის ნეგატიურ ზონაში შედიოდა, რადგან პანდემია სწორედ იქიდან დაიწყო.

რაც შეეხება კატეგორიებს, შინაური ცხოველების საქონელი 8,7%-ით გაიზარდა, ფხვნილისა და თხევადი სასმელები, ყავის ჩათვლით გაიზარდა 9,9%-ით, რძის პროდუქტები კი - 15,7%-ით. თავის განცხადებაში Nestle აღნიშნავს, რომ კვების პროდუქტების პორტფელში პროგრესს მიაღწია და მომავალში მომხმარებელს ჯანსაღი კვების კიდევ უფრო მეტ პროდუქტს შესთავაზებს, ხოლო არაეფექტიანი წარმოებებისგან გათავისფლდება.

ახლახან Nestle-მ წყლის ბრენდი One Rock Capital Partners ჩრდილოეთ ამერიკაში 4,3 მლრდ დოლარად გაყიდა, ხოლო ჩინეთში Yinlu-ის არაქისის რძის ბიზნესი კომპანია Food Wise-ს გადასცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ