Entomo Farms- ჭრიჭინების ფერმა კანადაში, რომელიც კვირაში 50 მლნ მწერს პროტეინის ფქვილად აქცევს და “მომავლის საკვებს“ ქმნის

“მომავლის საკვები“ - ასე მოიხსენიებენ Entomo Farms- ში, ჭრიჭინებისგან წარმოებულ სხვადასხვა სახის საკვებს.

მწერების დიდი ფერმა, რომელიც კანადაში ფუნქციონირებს, კვირაში დაახლოებით 50 მილიონ ჭრიჭინას ამუშავებს.

მას შემდეგ, რაც მწერები კვერცხებს დადებენ, ფერმაში რამდენიმე კვირა იცხოვრებენ და საკმარის ზომას მიაღწევენ, მათ სპეციალურ დანადგარებში აშრობენ, ფქვავენ და პროტეინით სავსე ფქვილს აკეთებენ, რომელიც სხვადასხვა საკვებში დანამატად გამოიყენება. ფქვილი საცხობადაც კი გამოიყენება. აზიურ ქვეყნებში მწერებს მთლიანად წვავენ და მიირთმევენ.

როგორ მუშაობს ფერმა?

ფერმა კანადაში, ქალაქ ონტარიოში მთაზე მდებარეობს. გარემო კი სიმწვანითა და სუფთა ჰაერით გამოირჩევა.

60,000 კვადრატული მეტრზე გაშენებული შენობა, ძველად ფრინველის ფერმა იყო, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს. ადგილზე სამი თანადამფუძნებელიდან ერთი, დარენ გოლდინი, თითქმის ყოველთვის არის და რწმუნდება იმაში, რომ ყველა მწერს კარგად უვლიან.

“როგორც გარემოს დამცველები, Entomo Farms- ის გუნდის ყველა წევრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მწერების პირობები, მათი ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდში საუკეთესო იყოს. ისინი 6 კვირის განმავლობაში ცოცხლობენ. ჭრიჭინებს მხოლოდ მაშინ ვაგროვებთ გადასამუშავებლად, როდესაც ისინი სასიცოცხლო პერიოდს ასრულებენ“, - აცხადებს ფერმის ერთ- ერთი დამფუძნებელი.

სპეციალურად მოწყობილ, სექციებად დაყოფილ საცხოვრებლებში ერთდროულად დაახლოებით 15 მილიონი ჭრიჭინა ცხოვრობს. საკვებთან ერთად, სწრაფად გასაზრდელად მნიშვნელოვანია თბილი ტემპერატურა, ამიტომ ფერმა სითბოს უზრუნველყოფს.

ჭრიჭინები ბევრად მეტ პროტეინს შეიცავენ, ვიდრე ძროხის ხორცი.

“ამ ტექნოლოგიით შეგვიძლია 9-10 მილიონი ადამიანის გამოკვება. პროდუქცია არ შეიცავს დანამატებს, არ ტოვებს მავნე ნარჩენებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ არ გადააქვთ არანაირი დაავადება ადამიანებზე, რასაც ვერ ვიტყვით ქათმისა და ცხოველების შესახებ. არ აქვთ არანაირი ვირუსი.“ -აცხადებს Entomo Farms -ის თანადამფუძნებელი დარენ გოლდინი.

ფერმაში კონკრეტულად ტროპიკული სახეობის ჭრიჭინებს აწარმოებენ, რადგან, დამფუძნებლის თქმით, ეს სახეობა მალე იზრდება, ცოტა საკვებს საჭიროებს და ძალიან გემრიელია.

Entomo Farms 100 გრამ ფქვილს დაახლოებით 12 დოლარად ყიდის. თუმცა, პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ფქვილის, ასევე მთლიანი მწერების სახით, აზიის ქვეყნებში დიდია. რის გამოც უახლოეს წლებში როგორც ფასების, ასევე მოგების ზრდას ელოდებიან.

თეონა რამაზაშვილი