„ხალხი გაძევებულია იატაკქვეშეთში: ქირაობს ფართებს და სახლში მართავს შეკრებებს, ეზოში იშლება „სეფა“ - ეს არასწორი მართვის შედეგია"

წარამარა იშვერენ ხელს რესტორანზე, ხალხი ლეგალური და სანიტარულად დაცული ზონიდან გადაწყვეტილებებით გაძევებულია იატაკქვეშეთში,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წელიწადზე მეტია ექსპერიმენტები ტარდება, რომ ჩაკეტვების ხარჯზე შეიძლება თუ არა ვებრძოლოთ ვირუსს.

„ვერანაირ შედეგს ეს ჩაკეტვა ვერ გვაძლევს, ამიტომ მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც, არც კეტავენ ეკონომიკას ან თუ კეტავენ, ძალიან მიზერულად. ეკონომიკაც აქვთ გადარჩენილი და ვირუსსაც წარმატებით ებრძვიან. ჩვენი აქცენტია: მოდი, ვმართოთ პროცესი და არა უბრალოდ დაკეტვა. ტრანსპორტი ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან თუ არის, ყირაზე უნდა გადადიოდეს შიგნით ხალხი. შუალედური ჩვენ რატომღაც არ ვიცით. წარამარა იშვერენ ხელს რესტორანზე, რომ მიზეზი ის არის, მაგრამ სინამდვილეში ხალხი ლეგალური და სანიტარულად დაცული ზონიდან ამ გადაწყვეტილებებით გაძევებულია „იატაკქვეშეთში“. ხალხი მიდის და სახლში მართავს ღონისძიებას, ქირაობენ ფართებს, „სეფა“ ეზოში და ა.შ. ეს ხომ რესტორანი არ არის, ეს არის არასწორი მართვის შედეგი. ჩვენ წინადადებით მივმართავთ მთავრობას, გადაეწყოს მართვის რეჟიმზე”,- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყევეტილების მიღება იგვიანებს, რაც მათთვის ზარალია.

„ეს საბჭო გადაიქცა აკრძალვების საბჭოდ და არა მართვის საბჭოდ. რაც შეეხება ვაქცინაციას, სჭირდება პროპაგანდა. გვეგონა ეს თავისთავად წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ "მე ვუთმობ გზას სასწრაფოს" არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი, იგივე მეთოდი ვაქცინაზეც. საკმაოდ ნაზად და ნელა ხდება გადაწყვეტილების მიღება და დროს ვკარგავთ. სხვა უფრო სწრაფად იცრება და ეკონომიკის აღდგენა ხდება. ყველაზე მეტად დაკეტილი ქვეყანა ვიყავით, როდესაც ყველაზე სუსტი ეკონომიკა გვაქვს. დაკეტვა და აკრძალვა შეუძლია იმ მდიდარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამის საშუალება. გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებს, რაც ზარალია. კომპანიები ვეღარ აღდგება, თუ ის გაკოტრდა”,-აღნიშნა გაბრიჩიძემ.