ბაიდენის გეგმით, მდიდრები 1920 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ გადასახადებს გადაიხდიან

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის გეგმას წარადგენს. გეგმა, ასევე, ითვალისწინებს კორპორაციებისთვის და საწარმოებისთვის ინვესტიციებიდან მიღებული მოგების გადასახადის ყველაზე მასშტაბურ გაზრდას, რაც ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. საშემოსავლო გადასახადი 37%-დან 39,6%-ით იზრდება. აგრეთვე, 39,6%-მდე თითქმის გაორმაგდება მოგების გადასახადი იმ მდიდრებისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 1 მლნ დოლარია. ინვესტიციებიდან მიღებული მოგების გადასახადს ყველაზე მდიდარი ამერიკელები 1920 წლიდან იხდიან, რის შემდეგაც ასეთი მაღალი გადასახადი ჯერ არ დაწესებულა. მაგალითად, ომისშემდგომ პერიოდში ეს მაჩვენებელი 33,8%-ს არ აღემატებოდა.

თეთრ სახლში მრავალთვიანი მუშაობის შედეგად შექმნილი გეგმის დეტალები New York Times-მა ხუთშაბათს გაავრცელა. გადასახადების გაზრდაზე ინფორმაციის გავრცელებამ უოლ-სტრიტის ბირჟაზე აქცების ვარდნა გამოიწვია: ეტალონური S&P 500 ინდექსი დღის მეორე ნახევარში 1%-ით დაეცა, რაც ერთ თვეზე მეტი პერიოდის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. ჰეჯ-ფონდ Great Hill Capital-ის თავმჯდომარე თომას ჰეისი აცხადებს, რომ თუ კონგრესი პროექტს ასეთი სახით დაამტკიცებს, საფონდო ბირჟის ინდექსები 2000 პუნქტით დაეცემა. საგადასახადო ფონდის ეკონომისტ ერიკა იორკის შეფასებით, მოგების გადასახადის ასეთი ზრდით აშშ მსოფლიო რეიტინგებში პირველ ადგილს დაიკავებს: ევროპაში მოგების გადასახადის საშუალო მაჩვენებელი 19,3%-ია. საფრანგეთსა და ფინეთში მოგების გადასახადი 34%-ია, დანიაში კი - 42%. ერიკა იორკის თქმით, ზოგიერთ შტატში და ქალაქში, სადაც ქონების ზრდაზე საკუთარ გადასახადს აფასებენ, ბაიდენის გეგმა გადასახადების 50%-იან ნიშნულს გადაცდება: კალიფორნიაში მოგების გადასახადი 56,7%-მდე გაიზრდება, ნიუ-იორკში - 68,2%-მდე, ხოლო ორიგონის შტატის ქალაქ პორტლენდში 57,3%-ით. შეძლებული ამერიკელებისთვის საერთო ფედერალური ზღვარი მოგების გადასახადზე შესაძლოა 43,4% გახდეს.

2021 წლის საგადასახადო პერიოდში გადასახადის მაქსიმალური ზღვარი 37% დარჩება იმ ინდივიდუალური გადამხდელებისთვის, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 523 600 დოლარზე მეტია; აგრეთვე, საქორწინო რეგისტრაციაში მყოფი წყვილისთვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 628 300 დოლარია. ბაიდენი პირობას დებს, რომ საოჯახო მეურნეობას, რომლის შემოსავალიც 400 ათას დოლარზე ნაკლებია, გადასახადი არ გაეზრდება.

ვარაუდობენ, რომ ბაიდენის პროექტს კონგრესში, სადაც დემოკრატები მცირე უმრავლესობას ფლობენ, რესპუბლიკელები მხარს არ დაუჭერენ. მას ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არც დემოკრატების მხრიდან ექნება.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმის დეტალები შემდეგი კვირის ოთხშაბათამდე გახდება ცნობილი, როცა ბაიდენი კონგრესში სიტყვით უნდა გამოვიდეს. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალური პირები გადასახადების გაზრდის სხვა შესაძლებლობებსაც განიხილავენ, როგორიცაა მდიდარი გადამხდელებისთვის შეღავათების შეზღუდვა ან მათთვის ქონების გადასახადის გაზრდა.

პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, გაზრდილი გადასახადებით ამოღებული სახსრები „ამერიკელი ოჯახების დახმარების“ 1-ტრილიონიანი დოლარის პროგრამას მოხმარდება, რომელიც ბავშვთა მოვლის, საერთოსკოლამდელი განათლებისა და დასაქმებულთა ფასიანი შვებულების დაფინანსებას ითვალისწინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ