2020-ის სტრატეგიის გეგმას რომ გავყოლოდით, ჩვენ გვექნებოდა გაცილებით უკეთესი რეალობა. ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკური განვითარების პერიოდი მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო პრემიერი“, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, გრძელვადიანი ეკონომიკური გეგმის შემუშავება ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
,,2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც დაევალა ფინანსთა სამინისტროს მოემზადებინათ სტრატეგია 2020. ამ დოკუმენტზე მაშინ მუშაობდა არა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ქართველ ექსპერტები, რაც იყო ნოდარ ხადურის დამსახურება. მე ვიყავი ქართველ ეკონომისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი. ეს გეგმა შემდეგში დაამტკიცა პრემიერმა ღარიბაშვილმა. მასში იყო უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები, თუმცა როგორც კი პრემიერობიდან გაუშვეს ღარიბაშვილი და ის ჩაანაცვლა კვირიკაშვილმა, ეს გეგმა მივიწყებას მიეცა და დამტკიცდა პრიმიტიული 4-პუნქტიანი გეგმა.
სტრატეგია 2020-ში საუბარი იყო ინკლუზიურ ზრდაზეც, ინოვაციურ ეკონომიკაზე, რაც ეკონომიკის მინისტრების ნაწილს, საერთოდ არ ესმოდათ რა იყო... დღეს რეალობა განსხვავებულია, გარდა იმისა, რომ გასულია 8 წელი, პანდემიამ სრულად შეცვალა გამოწვევები, ამიტომ ის სტრატეგია პირწმინდად რომ გადმოვიტანოთ, არ იქნება სწორი, მაგრამ მისი მოდიფიცირება შესაძლებელია დღევანდელი რეალობიდან.
მე არ მივეკუთვნები ეკონომიკური გეგმების მიმართ სკეპტიკოსთა რიცხვს. თუ გრძელვადიანი გეგმა შესრულდება 30%-ით მაინც, ანუ მან გაამართლა. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა. ეს არის ინდიკატიური გეგმა, რომლითაც ქვეყნის ამოცანები განისაზღვრება და იცვლება ყოველ წელს. 2020-ის სტრატეგიის გეგმას რომ გავყოლოდით, ჩვენ გვექნებოდა გაცილებით უკეთესი რეალობა. ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკური განვითარების პერიოდი მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო პრემიერი. ეს კი სრულად იყო, მისი ჩამნაცვლებლის ,,დამსახურება“.- განაცხადა პაპავამ.
პროფესორი ამბობს, რომ ჯერ არ იცის იქნება თუ რა ახალი გეგმის თანაავტორი, მაგრამ პრემიერის და მისი ხედვები დაემთხვა.
,,ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ. ახალ გეგმაში უნდა იყოს ბევრ რამ გათვალისწინებული. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი არის, რომ 2024-ში ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი. მე შევხვდი პრემიერს, სანამ ის დაინფიცირდებოდა კოვიდ19-ით. გავცვალეთ მოსაზრებები და ბევრ რამეში დაემთხვა ჩვენი აზრი. პრემიერის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა ამ გეგმის ერთ-ერთი ავტორი, თუმცა კმაყოფილი გამოვედი, რადგან მივხვდი, რომ ბევრ რამეში დაემთხვა ჩვენი აზრები“,- განაცხადა ლადო პაპავამ ,,საქმეში“.