ეროვნული ბანკი არ გვჭირდება, ეს საერთოდ უცნაური ინსტიტუციაა, ჩვენ რომ დოლარი და ევრო გამოვიყენოთ, არ ვიფიქრებდით არც კურსზე, არც ინფლაციაზე - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი არ გვჭირდება. ეროვნული ბანკი საერთოდ უცნაური ინსტიტუციაა, ჩვენ რომ დოლარი და ევრო გამოვიყენოთ, არ ვიფიქრებდით არც კურსზე, არც ინფლაციაზე და სესხიც იქნებოდა ბევრად უფრო იაფი“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, თუმცა ეს არის კომერციული ბანკების პასუხი იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც ქვეყანაშია.

„მართალია, რომ ჩვენთან მაღალი საპროცენტო განაკვეთია, მაგრამ მაშინ აქ უნდა დავსვათ კითხვა, საიდან გაჩნდა ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი? აქ ორი შემადგენელია, მაღალი ინფლაცია, რომელიც 7%-ზე მაღლა ადის ხოლმე ბოლო პერიოდში, და მეორე მხრივ არაპროგნოზირებადობა ჩვენი ეკონომიკის და პოლიტიკური სექტორის. ეს ყველაფერი ასევე მთავრობის დამსახურებაა. ასე რომ, მთავრობამ თავის თავს და ეროვნულ ბანკს უნდა მიხედოს. ეს პრობლემაა ბუნებრივია, მაგრამ ბანკებს ხომ არ მივადგებით პროცენტი დაწიეთო?! ეს ხომ ბანკების რეაქციაა, მაღალი პროცენტი პასუხია გარემოდან.

მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი არ გვჭირდება. ეროვნული ბანკი საერთოდ უცნაური ინსტიტუციაა, ჩვენ რომ დოლარი და ევრო გამოვიყენოთ, არ ვიფიქრებდით არც კურსზე, არც ინფლაციაზე და სესხიც იქნებოდა ბევრად უფრო იაფი“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ნინი ქეთელაური