წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სინგაპურში, მომავალ წელს კი ტრადიციულად დავოსში გაიმართება

ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2022 წელს ისევ დავოსში გაიმართება. საორიენტაციო თარიღად 17-21 იანვარი სახელდება. ინფორმაციას, რომელიც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრ „დავოს-კლასტერსის“ ვებგვერდზე გავრცელდა, ფორუმის წარმომადგენელი, იან ცოპფი ადასტურებს. მისი თქმით, ამჟამად მონაწილეებისთვის სასტუმროების დაჯავშნის პროცედურა მიმდინარეობს.

იან ცოპფი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარული ორგანიზაციაა, ამიტომ მათი სურვილია, ის ტრადიციულად დავოსში გაიმართოს. მანვე განმარტა, რომ ორგანიზაცია დასაჯავშნი ადგილების ტარიფებზე იწყებს მუშაობას, რაც ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველ წელს, ტრადიციულად, დავოსში იმართება. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის 17-20 აგვსიტოს ის სინგაპურში გაიმართება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კოკა კვირკველია