ინდოელმა ნავთობმაგნატმა ბრიტანეთის ლეგენდარული Stoke Park შეიძინა

Bloomberg-ის ცნობით, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა, ინდოელმა ნავთობმაგნატ მუკეშ ამბანიმ დიდი ბრიტანეთის ბუკინგემშირში მდებარე ლეგენდარული Stoke Park 57 მლნ ფუნტად (79 მლნ დოლარად) შეიძინა. ამბანის კუთვნილმა კომპანია Reliance Industries-მა ინგლისის ცნობილი პარკი თავისი ტურისტული ობიექტების პორტფელს დაამატა.

აღსანიშნავია, რომ Stoke Park-ში ჯეიმს ბონდის ორი ფილმია გადაღებული. პარკის 300 ჰექტარი ფართობის შუაგულში სასახლე მდებარეობს, რომელიც სასტუმროს, სპორტულ და გასართობ დაწესებულებებს მოიცავს. მისი შეძენა Reliance-ის სასტუმროების ბიზნესში სამომხმარებლო აქტივებს გაზრდის. Stoke Park-ის გოლფის მოედანი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1964 წლის ბლოკბასტერში მასზე ჯეიმს ბონდმა აურიკ გოლდფინგერთან ერთად გოლფი ითამაშა. Stoke Park-ში დაიდგა, ასევე, „ბრიდჯიტ ჯონსის დღიური“ და Netflix-ის მიერ გადაღებული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დრამა „გვირგვინი“.

Stoke Park-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის მიხედვით, პარკის ისტორია 900 წელზე მეტს ითვლის და 1908 წლამდე კერძო რეზიდენციისთვის იყენებდნენ. სასტუმროს 49 მდიდრული ნომერი და ლუქსი, 27-წერტილიანი გოლფის მოედანი, ჩოგბურთის 13 კორტი და 14-ჰექტრიანი კერძო ბაღები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მდიდარ ტურისტებს იზიდავს.

„ჩვენ შევეცდებით ამ ობიექტზე დასვენებისა და სპორტის შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ“, - ნათქვამია Reliance-ის განცხადებაში.

Morgan Stanley-ის მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Reliance-მა ბოლო 4 წლის განმავლობაში 3,3 მლრდ დოლარის შენაძენი განახორციელა, რომლის 80% მასობრივ საინფორაციო საშუალებებზე, ტელეკომუნიკაციებსა და ტექნოლოგიებზე მოდის. გასულ წელს Reliance-მა IMG Worldwide-ისგან ინდოეთის სპორტის სექტორში ერთობლივი საწარმოს აქციების 50% გამოისყიდა, რაც სპორტისა და გართობის ბიზნესისადმი Reliance-ის დაინტერესებაზე მიუთითებს.

მუკეშ ამბანის ქონება 71,5 მლრდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით, მე-13 ადგილს იკავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ