„საქსტატსა“ და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ორმხრივ დოკუმენტს ხელი „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„მემორანდუმის ფარგლებში „საქსტატი“ იურიდიული დახმარების სამსახურს უზრუნველყოფს, მისთვის საჭირო სანდო, ობიექტური და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციით. ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს გაუწევს შესაბამის კონსულტაციებს, სტატისტიკურ მონაცემთა გამოყენების, დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ“,- განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, „საქსტატი“ იღებს ვალდებულებას, განიხილოს იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევები. ასევე, სამსახურის მიერ უფლებამოსილებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით, მისი ინფორმაციული უზრუნველყოფა მოახდინოს.

„იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატისტიკურ ინფორმაციაზე წვდომა და „საქსტატიდან“ ინფორმაციის მიღება რათა, მეტად ეფექტურად მოვემსახუროით ჩვენს ბენეფიციარებს. ასევე იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს „საქსტატს“ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციით“,- განაცხადა იურიდიული სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

„საქსტატის“ ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უწყებების საქმიანობას ხელს შეუწყობენ, საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე, ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს განახორციელებენ.