ფინანსთა მინისტრის მოადგილე: 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება

2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან იქმნება სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.

ასე ხსნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გავრცელდება.

"მთავარი მიზანი არის ის, რომ თანხა, რასაც ვხარჯავთ, უფრო ეფექტურად იყოს მიმართული. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის მიზანი იყო ის, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ჰქონოდა მისი დაბრუნების საშუალება. თუმცა, 2012 წლისაგან განსხვავებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან იქნება ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეფასდება არა სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ ობიექტური კრიტერიუმებით. ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, დახმარება სწორედ ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მიიღონ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდებათ. 2012 წლისათვის სოციალური დახმარება თითქმის გაორმაგდა, 2015 წელს კი უზრუნველყოფილი იქნება პროგრამა და ეს დახმარება გახდება მიზნობრივი, შემდგომ წლებში მას სხვა კრიტერიუმებიც დაემატება”, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

დაუბეგრავი მინიმუმი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის ბოლოს ჩაიდო, ხელისუფლებაში ახლად მოსულმა კოალიციურმა უმრავლესობამ გააუქმა 2010 წელს საგადასახადო კოდექსის ნორმა, რომლის მიხედვით, 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტიდან 18 პროცენტამდე მცირდებოდა. თავის დროზე საკითხის წარდგენისას ითქვა, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედების პრინციპი სჯობდა, რადგან ეს რეალურად იქნებოდა იმ ადამიანებზე მიმართული, ვინც დაბალშემოსავლიანია.

2015 წლისთვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ფინანსთა სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით, "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები უკვე პარლამენტშია. მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.