ქართული ტანსაცმელი საექსპორტო პროდუქციის ათეულშია - „მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ“

ქართული ტანსაცმელი საექსპორტო წამყვან პოზიციებზეა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრიკოტაჟის ექსპორტი 35,3%-ით არის გაზრდილი, რითაც 10 მთავარ საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მოხვდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 3 თვეში ქვეყნიდან 15,2 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 11,3 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტს ყველაზე დიდი რაოდენობით ახორციელებს, „აჭარა ტექსტილეა“.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს. გასულ წელთან შედარებით, საწარმოს სიმძლავრეები გაიზარდა. კერძოდ, აშენდა ახალი საწარმო რუსთავში და თუ შარშან 3500 ადამიანს ასაქმებდა, წელს 5500-მდე გაიზარდა. შედეგად, იმატა შეკვეთების რაოდენობამაც. როგორც გია ლომინაძე ამბობს, „აჭარა ტექსტილეს“ პროდუქციის ექსპორტი დაახლებით, 40-50%-ით გაიზარდა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი კი თურქეთია.

„გასულ წელს ჩვენ დასაქმებული გვყავდა 3500 ადამიანი, წელს უკვე გვყავს - 5500. ანუ, საწარმოს სიმძლავრეები გაიზარდა, როგორც იცით, ერთი ახალი სამკერვალო ავაშენეთ რუსთავში. არსებული საწარმოები კი მაქსიმალურად დაიტვირთა, რაც ექსპორტის მაჩვენებელშიც შესაბამისად აისახა. კერძოდ, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი დაახლებით, 40-5-%-ით არის გაზრდილი. ძირითადი პარტნიორი თურქეთია. თუმცა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ. როგორც იცით, თითქმის ყველა სპორტულ ბრენდს ვკერავთ, ეს არის, „ნაიკი“, „ადიდასი“, „ნიუ ბალანსი“ და აშ.“,- აცხადებს გია ლომინაძე.

ცნობისთვის, შპს „აჭარა ტექსტილე“ საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროისთვის კი საწარმოები აქვს: ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში.

ნინი ქეთელაური